„რეზონანსი" - თბილისში 500 ადგილია, სადაც შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს

თბილისში 500-ზე მეტი მეწყერსაშიში ზონაა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პოტენციურად ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის, კლდეზვავის ან მეწყრის რისკის შემცველია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად ამისა, მშენებლობა გეოლოგიურად საშიშ ზონებში წუთითაც არ შეჩერებულა. ეკოლოგების განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვის გაცემის წესი უნდა გამკაცრდეს. კომპანიების უმეტესობა პროექტების განხორციელებისას საბჭოთა კავშირის დროინდელი გეოლოგიური დასკვნებით ხელმძღვანელობს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

მშენებელთა ლიგის დამფუძნებელი ანზორ საკანდელიძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ სამშენებლო პროცესის დაწყებამდე მიწის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა არ ხდება, რაც მომავალში დედაქალაქსა და მის მცხოვრებლებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

"თბილისის ტერიტორიის დიდი ნაწილი მეწყერსაშიში ზონაა, უამრავი მცოცავი გრუნტი და რთული რელიეფია, სადაც ბუნებრივი წონასწორობა სათანადოდ დაცული არ არის. ამ დროს მშენებლობა ყველგან მიმდინარეობს. "სული ძლივს უკავიაო" რომ იტყვიან, ისეთი ადგილებია და მათზე მცირე შეხებაც კი არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, მთელი თბილისი სამშენებლო პოლიგონად არის გადაქცეული."

ლამის 3 ათეული წელია, რაც გეოლოგიური სამსახური სამშენებლო პროექტების დამუშავების დროს აბსოლუტურად უგულებელყოფილია და ხდება ძველი საბჭოური გეოლოგიური მონაცემების გადაწერა. ცხადია, ეს არ გამოდგება, რადგან დროთა განმავლობაში შეიცვალა გეოლოგიური მახასიათებლები, გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და ა. შ. საინჟინრო გეოლოგია ზუსტად გრუნტების შესწავლით იწყება და ასეთი სამსახურები, ფაქტობრივად, არც კი არსებობს.

თამამად შემიძლია თქმა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში გაცემული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების უმეტესობა ყალბია. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს! განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საკითხი მერიამ, რომ კორუფციისთვის შექმნილ ბიუროებს დასკვნების გაცემა აეკრძალოთ", - აცხადებს საკანდელიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მეწყერსაშიშ ზონებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული რეკომენდაციაა გაცემული. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ვარაზისხევში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დეველოპერებს, შესაძლოა, მშენებლობა აეკრძალოთ. ამაზე ყურადღება გაამახვილა ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ.

დასკვნის თანახმად, სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე მშენებლობა უნდა აიკრძალოს, ხოლო უკვე აშენებული შენობების დასაცავად სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები მოეწყოს.

დეპუტატი აცხადებს, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია, რის გამოც არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის ან ღვარცოფის შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და არსებული ჯებირებიდან წყლის ნაკადის გადმოსვლა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროს მერაბ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 1 წელიწადში შეიქმნება გეოლოგიური საფრთხეების ზონების რუკა, სადაც გამოყოფილი იქნება ტერიტორიები გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე. მსგავსი კვლევა ქვეყანაში პირველად ტარდება.

როგორც გაფრინდაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, საველე კვლევები დღესაც მიმდინარეობს, თუმცა უკვე შეფასდა მეწყრული ადგილები, რომელთა რაოდენობა თბილისში, შემოერთებული სოფლების ჩათვლით, უკვე 500-ს აჭარბებს.

"თბილისის მთელ ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. მომავალი წლის მაისისთვის მზად იქნება გეოლოგიური ანგარიში შესაბამისი რუკით, სადაც გამოყოფილი იქნება ტერიტორიები, გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე - მაღალი, საშუალო, დაბალი და უსაფრთხო ტერიტორიები. საველე კვლევები დღესაც მიმდინარეობს.

უკვე აღნუსხულია რამდენიმე ათეული ღვარცოფტრანსფორმირებადი წყალსადინარი - ხევი და მდინარე, დახრამვის უბნები და ა. შ. ჩვენ აღნიშნულ ყველა უბანზე შედგენილი გვექნება ე. წ. გეოლოგიური პროცესის პასპორტი – კადასტრი, იდენტიფიცირებული იქნება ადგილმდებარეობა, პროცესის სახეობა, გამომწვევი მიზეზი, შესაძლო ზიანის შეფასება. აუცილებლად გაიცემა რეკომენდაციები, რა შეიძლება გაკეთდეს. ამის შემდეგ ეს რეკომენდაციები დამუშავდება და პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება", - აღნიშნავს გაფრინდაშვილი და დასძენს, რომ პრევენცია, პირველ რიგში, განხორციელდება იმ ტერიტორიებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უსაფრთხოებას.

თბილისში ყველა ფერდობი გარკვეულწილად მეწყრული საფრთხის შემცველია. პოტენციურად, ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის, კლდეზვავის, მეწყრის ან სხვა რისკს შეიცავს. რაც შეეხება კონკრეტულად ვერეს ხეობას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულია ჰიდროლოგიური საფრთხეების ზონების რუკა, ე. წ. წითელი ხაზებია გამოყოფილი ჭალა-კალაპოტის ზონაში, სადაც შესაძლებელია, მოხდეს წყალდიდობა. ამ მიმართულებით ქალაქის ფარგლებში ჰიდროლოგები ახლაც აქტიურად მუშაობენ", - ამბობს გაფრინადშვილი.

რაც შეეხება ვარაზისხევსა და ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ის დასკვნები, რაც გასაჯაროვდა, აბსოლუტურად ზუსტია. ამიტომ ჯერ ფერდს უნდა გამაგრება და მხოლოდ ამის შემდეგ განვითარდეს ეს კონკრეტული ტერიტორია.

"არსებულ ტერიტორიაზე მეწყერი ისედაც არის, ახლა საუბარია იმაზე, რომ იქ მშენელობამ ფერდის დესტაბილიზაცია გამოიწვია. ფერდობის ჩამოწოლის საფრთხე ნამდვილად არსებობს", - აცხადებს ჩხობაძე.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიის გარდა, მეწყერსაშიში ზონებია მთაწმინდის ფერდობები, რომლებიც ვაკისკენ, მთაწმინდის რაიონისა და სოლოლაკისკენ ჩამოდის. ასვე, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორია ლოტკინის მხარეს, გლდანი-სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ, სადაც მთელი ფერდობი მოძრავი ფენებისაგან შედგება.

"ქალაქში მტკვრის 10 ძირითადი შენაკადია. დიდი წვიმის დროს ეს მდინარეები უცებ ივსება. შესაბამისად, პატარა მდინარეები - გლდანულა, კრწანისი, დიღმულა თუ ლიახვის ხევი ჩვენთვის პრობლემურია, რადგან ნებისმიერ ხევში შეიძლება იგივე მოხდეს, რაც ვერეს ხეობაში მოხდა. არ ვართ დაზღვეულები, ამიტომ ვიდრე ბინა აშენდება, მანამდე ტერიტორიის სერიოზული გეოლოგიური შესწავლაა საჭირო", - აღნიშნავს ჩხობაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"