თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული იდეა პროექტის "შენი იდეა თბილისის მერს" ფარგლებში, მოქალაქემ წარადგინა და მერია მას სიამოვნებით განახორციელებს.
"ეს პროექტი თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს. ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა კალაძემ.