სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 40 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება 393 მომხმარებელს გაეწია. ამასთან, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 187 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 822 კაცით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 58,9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 65,6% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 14,2% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,9% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
ოფიციალური მონაცემებით, სანაგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ 24 მლნ ლარის ღირებულების (5,7ათასი ტონა) პროდუქცია გაიყიდა, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი 59,4% ადგილობრივი წარმოების იყო. ხოლო სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 91,6% ქათმის ხორცზე მოდიოდა. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას კი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), თევზეული და ქათმის ხორცი წარმოადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ძირითადად ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.