თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამოქმედდება 7 ახალი მარშრუტი, შეიცვლება 5 მარშრუტი, 13 მარშრუტს დაემატება ავტობუსები, ხოლო სამ მარშრუტზე საშუალო ტევადობის ავტობუსები დიდი ტევადობის ავტობუსებით ჩანაცვლდება. ამისათვის დამატებით 4 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ახალი მარშრუტები იმოძრავებს
• #57 - კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მ. „ისნის“ გავლით მ. „სამგორამდე“ (1 ავტობუსი).
• #58 - ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი).
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
• #64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
• #67 - მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
• #74 - წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
• #76 - მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსი) .
ცვლილებები მარშრუტებში:
• #60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი).
• #10-ის მარშრუტი კოჯრის დასახლებაში გაგრძელდება აზეულას ქუჩის მიმართულებით.
• #19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში და მასთან ერთად მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი.
• #31 - მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება.
• N80 - მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან გაგრძელდა ვოლსკის ქუჩამდე, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის გავლით.
ავტობუსების დამატება
• სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1,28,30,45,99 და #108, ხოლო #44 მარშრუტს - 2 ერთეული.• შაბათ დღეს #28,68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში - ერთი ავტობუსი.
• ასევე, #3,46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.