ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება

31 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით ანაკლიაში, სასტუმრო "ოქროს საწმისში" საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი "ანაკლია 2014" გაიმართება.

ორდღიან ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 300-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბიზნესის წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური ინვესტორები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება დაინტერესებულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, ადგილზე გაეცნონ სამეგრელოსა და ზემო სვანეთში არსებულ ბიზნეს გარემოსა და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და B2B ფორმატში გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.

ფორუმის მიზანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნეს-პარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორიების უკეთ ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიის გამართვას.

როგორც საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში აცხადებენ, ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ფორუმის მომხსენებლები იქნებიან მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.