ფინანსთა სამინისტრო გარგარს ყიდის

სახელმწიფო ბალანსზე არსებული მეურნეობები ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ მეურნეობაში მოყვანილ გარგარს ფინანსთა სამინისტრო ყიდის.

როგორც ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური განმარტავს, გარგარს არა სამინისტრო, არამედ ამ უწყების მომსახურების სააგენტო ყიდის. ხადურის ინფორმაციით, სააგენტო იმისთვის შეიქმნა, რომ სახელმწიფო ქონება განკარგოს და მას სხვა ფუნქცია არ აქვს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კერძო მეურნეობები ექს-პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა, ამ მეურნეობებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ბიუჯეტისკენ წარიმართება. ”მექანიზმი ის არის, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიქცეული ქონება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მომსახურების სააგენტომ უნდა გაყიდოს”,- განმრატავს გაზეთ ”ვერსიასთან” საუბრისას ხადური.

მისივე თქმით, მომსახურების სააგენტო გარგარს საბითუმო ორგანიზებას უწევს და შემდეგ პროდუქტს ჩვეულებრივი მაღაზიები ან ინდმეწარმეები ყიდიან.