თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება. დაახლოებით 1-ელი ნოემბრიდან კი რეგისტრაციის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„რამდენიმე დღეში ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საკრებულოს მიერ გამოსაცემ ორ აქტზე. საკრებულოს აქტის მიღების შემდგომ აგვისტოდან ნოემბრის თვემდე დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია-განებართვიანება და უკვე დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, იქნება უნებართვო საქმიანობად ჩათვლილი და დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე განმარტებით, საკრებულოს აქტში გაიწერება ის პირობა, რაც რეფორმის მეორე ეტაპზე, ანუ 2019 წლის ბოლოდან იქნება და შეეხება ავტომობილის ფერს, ერთიან სტანდარტს და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.