დედაქალაქის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისში „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევის და მისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედნის დარქმევის ინიციატივით მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვიდა.
ცნობისთვის, ინიციატივა პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს უკავშირდება.
ასევე, დღესვე საკრებულომ კენჭისყრით დაამტკიცა 15 ქუჩისთვის სახელის გადარქმევა, რომელთაც ამ დრომდე რევოლუციონერების სახელწოდებები აქვთ. მათ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელები დაერქვათ.
კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს და მოედანს – ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი; კრწანისის რაიონში, მირ ვეზიროვის ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის სახელი; კრწანისის რაიონში, სერგო სურგულაძის ქუჩას და მასთან არსებული ორ შესახვევს – სახელმწიფო მოღვაწის ევგენი გეგეჭკორის სახელი; ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩას და მასთან არსებულ I ჩიხს – სახელმწიფო მოღვაწის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი; ისნის რაიონში, ვლადიმერ მიქელაძის ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის ნოე ხომერიკის სახელი; ისნის რაიონში, სურენ სპანდარიანის ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის გიორგი ლასხიშვილის სახელი; ისნის რაიონში, გრიგოლ მათიაშვილის ქუჩას – საზოგადო მოღვაწის ელისაბედ ორბელიანის სახელი; ისნის რაიონში, თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს – საზოგადო მოღვაწის ეკატერინე მელიქიშვილის სახელი; ისნის რაიონში, თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს – საზოგადო მოღვაწის ოლღა გურამიშვილ-ნიკოლაძის სახელი; ნაძალადევის რაიონში, მელიტონ ფილიას ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის სიმონ მდივანის სახელი; ნაძალადევის რაიონში, სილიბისტრო თოდრიას ქუჩა დაიყოფა სამ ნაწილად და ერთ მონაკვეთს დაერქმევა სახელმწიფო მოღვაწის, სამსონ ფირცხალავას სახელი; მეორეს – სახელმწიფო მოღვაწის ალექსანდრე ლომთათიძის სახელი; მესამე მონაკვეთს კი სახელმწიფო მოღვაწის ვლასა მგელაძის სახელი; სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის ქუჩის მონაკვეთს – სახელმწიფო მოღვაწის პეტრე სურგულაძის სახელი მიენიჭება.
„ვარდების მოედნისა“ და 15 ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ საკრებულომ 22 მაისს საჯარო განხილვა გამართა. „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლასთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირების შემდეგ საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საჯარო განხილვა დატოვა.