ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ ბიტკოინის წინაღმდეგ გამოძიება დაიწყო

ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ იმის თაობაზე, მანიპულირებენ თუ არა ტრეიდერები ბიტკოინების კურსით, სისხლის სამართლებრივი ძიება დაიწყო.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მსოფლიოს სავაჭრო ბირჯებზე ბიტკოინის ფასი ფსიქოლოგიურ მინიმუმს, 8 ათას დოლარს, ჩამოცდა.

წყაროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს არაკანონიერი მეთოდების გამოყენებაზე, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა კვოტირებაზე. მათ ჩამონათვალში შედის მაგალითად, ბაზარზე ცრუ ინფორმაციებით გავლენის მოხდენა, რა დროსაც ტრეიდერები ან ყიდიან ან ყიდულობენ კრიპტოვალუტას.

ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობს ამ ბაზრის მარეგულირებელი კომისია. თუმცა არცერთ უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის კურსი ხუთშაბათის ვაჭრობის სესიაზე 0,9%-ით შემცირდა და 7510,73 დოლარი შეადგინა. ასევე შემცირდა სხვა ციფრული ვალუტების ფასიც.

კოკა კვირკველია