ზაფხულის სეზონისთვის ბორჯომსა და ბაკურიანში მდებარე სასტუმროების ნომრების დაახლოებით 50%-ზე მეტი დაჯავშნილია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სასტუმროების მენეჯერები აცხადებენ, ჯავშნების დიდი რაოდენობა უცხოელ სტუმრებზე მოდის, თუმცა ზაფხულის სეზონზე ადგილობრივების აქტიურობასაც ელოდებიან.
მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ჯავშნების დიდი ნაწილი ისრაელის მოქალაქეებზე მოდის.
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „სნოუ პლაზაში“ აღნიშნავენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების წინასწარი ჯავშნების რაოდენობა ნაკლებია.
„სასტუმროს ნომრების დაახლოებით 50% დაჯავშნილი. შერეული ჯავშნებია, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯავშნების რაოდენობა ნაკლებია. ძირითადად ებრაული ჯგუფები ჯავშნიან. ასევე, თანაბრად არის მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების ჯავშნებიც“, - აცხადებენ „სნოუ პლაზაში“.
ბაკურიანში მდებარე „კრისტალშიც“ აცხადებენ, რომ მათ სასტუმროშიც ისრაელის მოქალაქეების ჯგუფების ჯავშნები სჭარბობს.
„ზაფხულისთვის მოგზაურთა ჯგუფებზე გვაქვს ჯავშნები, რომლებიც რამდენიმე თვით ადრე ჯავშნიან. ძირითადად არიან ისრაელის მოქალაქეები. ნომრების დაახლოებით 50-60% უკვე დარეზერვებულია. გარდა ისრაელის მოქალაქეებისა, ზაფხულში ჩვენს სასტუმროში დასვენებას იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეები გეგმავენ. ჯერჯერობით ქართველების ჯავშნები ბევრი არაა, თუმცა ყოველ სეზონზე ივლის-აგვისტოში 90% ქართველი დამსვენებელი გვყავს“, - განგვიცხადეს „კრისტალში“.
კიდევ ერთ სასტუმროს „ვილა პალასს“, რომელიც ასევე ბაკურიანში მდებარეობს, ქართველების ჯავშნები ჯერ არ მიუიღია: „ძირითადად არის ჯგუფების ჯავშნები ისრაელიდან, კორეიდან, გერმანიიდან. ივნის-ივლისში ნომრების დაახლოებით 90% არის დაჯავშნილი. ჯერჯერობით ქართველების ჯავშნები არ არის. სავარაუდოდ, ამინდების გამოსვლას და დამტვერვის პერიოდის უფრო აქტიურ დაწყებას ელოდებიან“.
ბაკურიანის კიდევ ერთ სასტუმროში „მელისი“ კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ივლისის ბოლომდე ნომრების 50% დაჯავშნილია, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. რაც შეეხება უცხოეთს, უმეტესად „ბუქინგ ქომის“ საშუალებით, აღნიშნული სასტუმროს ნომრებს საუდის არაბეთიდან ჯავშნიან.
რაც შეეხება ბორჯომში მდებარე სასტუმროებს, „ბორჯომი პალასის“ მენეჯერი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ივნისის თვეში სასტუმროს ნომრების 75%-ია დაჯავშნილი, ივლისში - 45%, ხოლო აგვისტოში - 40%. უფრო მეტად არის საერთაშორისო და ინდივიდუალური ჯავშნები. ნომრებს ჯავშნიან ყაზახეთის, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები“.
სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანშიც“ აცხადებენ, რომ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ჯავშანი ყაზახეთის მოქალაქეებს აქვთ გაკეთებული.
„ამ დროისთვის ჩვენი ნომრების 56%-ია დაჯავშნილი. თანაბრად არის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელების მხრიდან. ბალნეოლოგიური მიმართულებით, ძირითადად ყაზახეთის მოქალაქეებს აქვთ ჯავშანი გაკეთებული. ასევე, ჯავშანი აქვთ გერმანიის, ჩინეთის, ისრაელის, რუსეთის, აზერბაიანის, სომხეთის, თურქეთის მოქალაქეებს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ჯავშანი აქვთ გაკეთებული ემიგრანტ ქართველებს, ძირითადად რუსეთში მცხოვრებთ, რომლებიც სასტუმროს ნომრებს საქართველოში მცხოვრები თავიანთი ოჯახის წევრებისთვის ჯავშნიან“, - აცხადებენ სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“.
თეონა კენჭიაშვილი