პარლამენტის ხელფასები ქვეყანას 27,6 მილიონი უჯდება

წელს საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ანაზღაურება კი - გაიზარდა.

”საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვის” გამო, პარლამენტმა ხელფასების გაზრდასა და ავტოპარკის განახლებაზე უარი თქვა. შესაბამისად, 2015 წელს საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი ისევ 52,091 მლნ ლარი იქნება. სახელფასო ფონდი კი, რომლის გაზრდასაც პარლამენტი ითხოვდა, ბოლო 3 წელიწადში ისედაც სამჯერ გაიზარდა და თანაც 7,5 მლნ ლარით.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თანამდებობრივი სარგო მთავრობაში თითქმის ყველა ხელმძღვანელ პირს გაეზარდა. ხელფასი არ გაზრდიათ კანონმდებლებს, თუმცა იღებენ დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებისთვის ე.წ. სახელფასო დანამატს, რომელიც საკმაოდ მაღალია.

2013 წლის 1-ლი იანვრიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი ასე განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარე - 3 905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3 570 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 3 505 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე - 2 705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე - 2 635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე - 2 105 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე -1 970 ლარი, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები - 1 905 ლარი, პარლამენტის წევრი -1 790 ლარი. შესაბამისად, გამოდის, რომ დღევანდელი პარლამენტარის მინიმალური ხელფასი 3 790 ლარს შეადგენს.

ეს ხელფასი კანონმდებლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რამდენიმე დღის წინათ დეპუტატებმა ”საქართველოს პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ” დადგენილება მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, თუ რა ოდენობით უნდა განსაზღვრულიყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის თანხა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ დადგენილების შესაბამისად, პარლამენტმა მოითხოვა ბიუჯეტის 2,6 მლნ ლარით გაზრდა, საიდანაც ნაწილი ხელფასების მატებაზე, ნაწილი კი ავტოპარკის განახლებაზე უნდა გადანაწილებულიყო.

გუშინ კი გაირკვა, რომ 2015 წელს პარლამენტის ბიუჯეტი აღარ გაიზრდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ვნებათაღელვის გამო, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი იგივე რჩება, რაც 2014 წელს არის.

ზოგადად, საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური ხელფასი, კანონის მიხედვით, 2 000 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, ანუ წელიწადში 24 000 ლარით. დეპუტატებს ყოველთვიური სახელფასო დანამატებიც აქვთ განსაზღვრული და საშუალოდ ერთი დეპუტატის შენახვა ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ლარი, თვეში 4 000 ლარზე მეტი უჯდება. ამას ემატება პარლამენტის აპარატის წევრების ხელფასი, დანამატი და პრემია, რაშიც საბოლოო ჯამში, პარლამენტმა შარშან 23 161 127 ლარი დახარჯა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს დეპუტატებზე და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცა - 9 113 494 ლარი, სახელფასო დანამატმა შეადგინა -10 592 750 ლარი, პრემიამ - 2 087 577 ლარი, კომპენსაციის სახით კი შარშან პარლამენტში 1 367 303 ლარი გაიცა, ანუ სულ 23 161 127 ლარი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, საკანონმდებლო საქმიანობისთვის წელს ბიუჯეტში გამოყოფილია 52,091 მლნ ლარი, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ბოლო წელთან შედარებით თითქმის 22 მლნ ლარით მეტია, 2012 წელს ბიუჯეტიდან პარლამენტისთვის გამოყოფილი იყო 30,011 მლნ ლარი.

ამასთან, ბიუჯეტის მიხედვით გაზრდილია შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა, თანაც, ეს მაშინ, როცა შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პარლამენტში დასაქმებული იყო 900 ადამიანი, მათი სახელფასო ფონდი კი შეადგენდა 20,027 მლნ ლარს, 2014 წელს კი პარლამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა 840-ს შეადგენს, სახელფასო ფონდი კი - 27,604 მლნ ლარია. რაც შეეხება 2013 წელს, შარშან პარლამენტში სულ 900 ადამიანი იყო დასაქმებული, შრომის ანაზღაურებისთვის კი გამოყოფილი იყო 23,215 მლნ ლარი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა სამთავრობო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასებთან დაკავშირებითაა ატეხილი, სამართლიანია.

”უცნობია, ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით, ვის რამდენი აქვს ხელფასი და რამდენი აიღო, რამდენია სახელფასო განაკვეთი, რამდენია მივლინება, ე.წ. დანამატი. თანხა სახელფასო ფონდიდან გადის, მასზე კონკრეტულ განცხადებას კი არავინ აკეთებს. თავის დროზე, როდესაც აუდიტის სამსახურმა მხარჯავი დაწესებულების მიმართ რეკომენდაციები შეიმუშავა, ცალსახად ეწერა, რომ აუცილებელი იყო არა მხოლოდ დამტკიცებული ბიუჯეტის, არამედ ამ ბიუჯეტის მიმდინარეობაც გაშიფრულიყო. დღემდე ეს რეკომენდაცია არავინ გაითვალისწინა. რეალურად სახელფასო ფონდი რა პროპორციით იხარჯება პარლამენტარებზე და რა პროპორციით პერსონალზე, ანუ აპარატზე, გაურკვეველია. ამაზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება”, - განაცხადა ალაფიშვილმა.

საბიუჯეტო მანიპულირება ყველა ხელისუფლების სუსტი წერტილია, განსაკუთრებით ხელფასთან და ”სხვა ხარჯებთან” დაკავშირებით.

”დადებითი გაკეთდა ის, რომ ”სხვა ხარჯები” ბიუჯეტის კანონში ცალკეა ასახული, მაგრამ ხელფასების ნაწილი კვლავ იგივეა, რაც ძველად იყო. შესაბამისად, საბიუჯეტო გამჭვირვალობა ამ ნაწილში გაუმჯობესებული არ არის. საჯარო სამსახურში სახელფასო სისტემა წლებია დამახინჯებულია, მაგრამ იმას, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ასიმეტრიასაც კი ვერ ვუწოდებთ. ვიცი, რომ მთავრობა ერთიან კონცეფციაზე მუშაობს, მაგრამ ის ძალიან ჭიანურდება და მახინჯი სისტემაც ძალაში რჩება. მაგალითად, სიმახინჯე არაა, როდესაც პრეზიდენტზე მეტი ხელფასი (დანამატით და პრემიასთან ერთად) აქვს ვინმეს, მაგალითად, მინისტრის მოადგილეს? არადა, საჯარო სიკეთეს როცა მოიხმარ, ცოტა გონივრულად უნდა მოიხმარო და ნამუსიც უნდა გაგაჩნდეს. დღეს კი, მგონია, რომ ესენი უკვე მოსწრებაზე არიან”, - დასძინა ”რეზონანსთან” საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

ელზა წიკლაური

წყარო : გაზეთი ”რეზონანსი”