დავით აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერია დავით აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს.

ამ მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 000 ლარია.

„საპროექტო ობიექტი მდებარეობს: საბურთალოს რაიონში, რომელიც მოიცავს მთლიანად დავით აღმაშენებლის ხეივანს, ორივე მიმართულებით. სავარაუდო სიგრძე 19 კმ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას). აღნიშნული გზის ა/ბეტონის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. ანალოგიური დაზიანებებია ქვეითებისთვის განკუთვნილ ტროტუარზეც. საპროექტო გზის გრძივი და განივი პროფილები არ შეესაბამება ნორმებს, რაც ხელს უშლის ფეხითმოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას.

მომსახურების მიწოდება კი მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.