ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს 55:3 მოუგეს - სად გაქრა 52 მილიონი?

კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაასრულა და თავდაპირველი მოკვლევისგან განსხვავებით, ნავთობ­პროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიები დაახლოებით 3 მილიონი ლარით დააჯარიმა. მაშინ, როცა 2015 წელს ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ კომპანიები დაახლოებით 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. შთამბეჭდავი სხვაობა ბევრ კითხვას ბადებს, მით უფრო, რომ მაშინაც და ახლაც კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონის დამრღვევებად ცნო, თუმცა ჯარიმის ოდენობა დაახლოებით 18-ჯერ შეუმცირა.

ორი დასკვნა და 18-ჯერ შემცირებული ჯარიმა

2015 წელს, 8-თვიანი კვლევის შემდგომ, კონკურენციის სააგენტომ ნავთობ­პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიები 54.698.329 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს 1200-გვერდიანი დასკვნა 50 ტომისგან შედგებოდა. მაშინდელი კვლევის შედეგად, კონკურენციის სააგენტომ დაასკვნა, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის ბაზარზე კონკურენციის პრინციპები ირღვეოდა; იმპორტს ხელი ეშლებოდა ხელოვნური ბარიერებით, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, ბაზრის მთავარ მოთამაშეებს, მათ შორის "ვისოლს", "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფსა" და მათთან დისტრიბუციით დაკავშირებულ აგენტებს სანქციები დაეკისრათ. დაჯარიმდნენ ფრენჩაიზინგის (ბრენდის მფლობელის ნებართვა კომპანიისთვის, ანაზღაურების სანაცვლოდ და შეთანხმებული პირობების დაცვით, ბრენდის მფლობელის სამარკო ნიშნით წარმართოს ბიზნესი; ე.წ. მზა ბიზნესის შეძენა) მიმღები მცირე კომპანიებიც. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველაზე მაღალი ჯარიმა - 14.381.385 ლარი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" დაეკისრა; "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელიც ბაზარზე "გალფის" ბრენდით ოპერირებს, 11.267.384 ლარით დაჯარიმდა, "რომპეტროლ საქართველო" - 10.845.806 ლარით, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10.426.393 ლარით, "ლუკოილ-ჯორჯია" - 4.740.260 ლარით. კიდევ ორ ფირმას მილიონზე მეტი ლარი დაეკისრა და ერთსაც - 650 ათასზე მეტი. გარდა ამისა, სიმბოლური, 200-200 ლარით დაჯარიმდნენ წვრილი კომპანიები, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ.

კარტელურ გარიგებაში ბრალდებულმა არც ერთმა კომპანიამ გარიგებაში მონაწილეობა არ აღიარა. მეტიც, მათ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. არადა, მაშინდელი კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში შესული მასალების ნაწილი იმდენად მძიმე დანაშაულს ეხებოდა, არსებობდა მოლოდინი, რომ მასალების ნაწილი პროკურატურას, ნაწილი კი ფინანსური უწყების საგამოძიებო სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცეოდა. აღსანიშნავია, რომ იმას, რაზეც მაშინ კონკურენციის სააგენტო თავის დასკვნაში მიუთითებდა, ჟურნალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები წლების განმავლობაში იკვლევდნენ. არსებობდა გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნავთობ­იმპორტიორები ზემოგებით მუშაობდნენ და შეთანხმებულ ფასს აწესებდნენ საწვავზე, რაც თითქმის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას აძვირებდა.

ანალიტიკოსების თქმით, ყველა გონივრული ეჭვი დოკუმენტურად დადასტურდა და სააგენტოს დასკვნაში მოიყარა თავი. თუმცა სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა. კონკურენციის სააგენტოს ამჯერად 4 თვე დასჭირდა იმის დასადგენად, რომ 5 ნავთობიმპორტიორი კომპანია არღვევდა "კონკურენციის შესახებ" კანონის ცალკეულ მუხლებს, აგრეთვე, არსებობდა დარღვევა ფრენჩაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად ფასების განსაზღვრის საკითხში. თუმცა ამ დასკვნით კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმა მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, "რომპეტროლ საქართველოს" ახალი დასკვნით დაეკისრა 753.669 ლარი; "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" - 719.069 ლარი; "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" - 521.319 ლარი; "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" 471.980 ლარი; "ლუკოილ-ჯორჯიას" - 410.692 ლარი; "ელ-ოილს" - 200 ლარი.

წინა ხელმძღვანელი უკანას ხიდია?!

რატომ შემცირდა ასე მნიშვნელოვნად ნავთობკომპანიებისთვის თავდაპირველად განსაზღვრული საჯარიმო თანხა? - ამ და სხვა კითხვებით ჩვენ კონკურენციის სააგენტოს ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნოდარ ხადურს მივმართეთ.

ნოდარ ხადური: - კონკურენციის სააგენტომ პირველად 2015 წელს ჩაატარა საავტომობილო საწვავის ბაზრის კვლევა და შემდეგ ნავთობკომპანიებმა მისი დასკვნა გაასაჩივრეს. შარშან ზაფხულში უზენაესმა სასამართლომ ჩვენ დაგვიბრუნა ერთ-ერთი კომპანიის საქმე და უკვე გასაგები გახდა, რომ სხვა კომპანიების სარჩელებზეც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამიტომ ჩვენ ხელახლა დავიწყეთ ამ ბაზრის მოკვლევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი დასკვნითაც დავადასტურეთ, რომ ნავთობკომპანიებს შორის მართლაც იყო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება, მაგრამ გავითვალისწინეთ სასამართლოს მითითებები, მათ შორის, უზენაესი სასამართლოსი. გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტი - RBB Economics-ის დასკვნა. ეს არის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ცნობილი კომპანია, რომელიც ემსახურება "გუგლს", "ინტელს" და კანადაში, აშშ-სა და ჩინეთში ასეთი სახის კვლევებს ატარებს. ვერავინ იტყვის, რომ ასეთი სახელის კომპანია შეიძლებოდა მიკერძოებული ყოფილიყო. მათი დასკვნის თანახმადაც, ნავთობკომპანიები კონკურენციას არ ზღუდავდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ძირითადად, მაინც დავეყრდენით სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მაგალითად, კონკურენციის სააგენტოს წინა დასკვნაში წერია, რომ ნავთობკომპანიებმა შეზღუდეს საქართველოში სხვა კომპანიების მიერ ნავთობპროდუქტების იმპორტი. სასამართლომ გვითხრა, რომ ამის ლოგიკური დასაბუთება არ შეიძლება არსებობდეს, რადგან კერძო სამართლის სუბიექტები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ, შეეზღუდათ სხვა ქვეყნებიდან იმპორტი, ხოლო თუ ნავთობპროდუქტების იმპორტი მაინც შეიზღუდა და ეს მართლაც ასე იყო, დამნაშავენი იყვნენ არა ნავთობკომპანიები, არამედ ხელისუფლების ის ორგანოები, რომლებსაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ, ეს კი სცილდება კონკურენციის სააგენტოს ქმედებათა არეალს. გარდა ამისა, დადგინდა, რომ შეთანხმება კომპანიებს შორის მოქმედებდა არა 3 წელიწადს, როგორც ეს მანამდე არსებულ დასკვნაში ეწერა, არამედ 5 თვეს. მოგეხსენებათ, 2012 წლამდე სხვა კანონი მოქმედებდა, 2012-დან 2014 წლამდე - სხვა, 2014-დან კი "კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები ისევ შევიდა. შესაბამისად, კანონების ცვლილებების გამო შემცირდა კომპანიებს შორის არსებული შეთანხმებული მოქმედების პერიოდი და უნდა შემცირებულიყო საჯარიმო სანქციებით გათვალისწინებული თანხებიც. გარდა ამისა, სასამართლომ მოითხოვა, რომ ყველა მტკიცებულება კომპანიების წინააღმდეგ წარმოდგენილი ყოფილიყო ფაქტების მეშვეობით. სამწუხაროდ, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული წინა მოკვლევის დოკუმენტი არ იყო გამყარებული ფაქტებით. ჩვენ შევცვალეთ ეს გარემოება - ზოგი მიმართულებით უფრო გავამყარეთ ფაქტებით, ხოლო ზოგი მიმართულებით მოვხსენით ნავთობკომპანიების მიმართ ბრალდებები და ახალი გადაანგარიშებით 3 მილიონამდე თანხა მივიღეთ, რომლის გადახდაც დაეკისრათ ნავთობკომპანიებს. არ ვიტყოდი, რომ ჯარიმის თანხა 55-დან 3 მილიონამდე შევამცირეთ. ჩვენ ხელახლა ჩავატარეთ მოკვლევა და ნავთობკომპანიები დავაჯარიმეთ ჯამში 3 მილიონი ლარით.

- ფაქტია, ახალი ჯარიმა გაცილებით მცირეა, ვიდრე პირველი მოკვლევის შედეგად დაკისრებული.

- იმიტომ, რომ ჩვენ მივყევით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს თითოეული ნავთობკომპანიის მიმართ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დავტოვეთ დასკვნაში კომპანიების შეთანხმებული ქმედების ბრალდება, რაც მნიშვნელოვანია. მეტსაც გეტყვით, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს სასამართლოში განიხილებოდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების საქმე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ კონკურენციის სააგენტოს წინა დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები არ აღმოჩნდა სასამართლოსთვის სრულყოფილი და ბოლომდე დამაჯერებელი.

- არასრულყოფილი იყო კონკურენციის სააგენტოს წინა დასკვნა?

- მე ამას არ ვიტყვი, მაგრამ არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვერ შევაფასებთ და როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს საჯარო უწყების წარმომადგენლები, მას უნდა მივყვეთ. მივყევით კიდეც და ნაბიჯ-ნაბიჯ, პუნქტობრივად განვიხილეთ და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედეთ.

გარდა იმისა, რომ კომპანიების დარღვევების ხანგრძლივობა შემცირდა, მოიხსნა ფიქსირებული ფასებით მოქმედებისა და ბაზარზე ხელოვნური ბარიერების არსებობის ბრალდება, რომელსაც შეეძლო გამოეწვია იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სტრუქტურულ დონეებზე] ეკონომიკურ აგენტთა გასვლა/შემოშვების შეზღუდვის ბრალდება. ფასები დაახლოებით ერთნაირი აქვთ კომპანიებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ფასები იდენტურია. საქართველო პატარა ქვეყანაა და პარალელური ფასწარმოქმნის მექანიზმი არსებობს. ისინი ხედავენ, რა ფასად ყიდის საწვავს ერთი კომპანია და დაახლოებით იმავე ფარგლებში შეიძლება დაადოს თავის პროდუქციას ფასი მეორემ. შესაბამისად, კომპანიებს დარჩათ ბაზრის გადანაწილების ბრალდება და ამან ლოგიკურად გამოიწვია ჯარიმის გაცილებით ნაკლები ოდენობა.

"კვირის პალიტრა" კონკურენციის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. გიორგი ბარაბაძე ამბობს, რომ უკვე 2 წელიწადია, წამოსულია კონკურენციის სააგენტოდან და არ იცის ის ნიუანსები, რაც მისი ხელმძღვანელობის შემდეგ შეიცვალა. შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ მისი ხელმძღვანელობისას წარმართული მოკვლევა იყო სრულყოფილი და მოუგო თუ არა ნავთობკომპანიებს პირველი ორი სასამართლო დავა კონკურენციის სააგენტომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ამბობს, რომ აღარ ახსოვს(?!) და ამისთვის ბოდიშს გვიხდის.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: „კვირის პალიტრა"