მეფუტკრეობის დარგში დასაქმებულებს ევროკავშირის მოთხოვნები გააცნეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ქუთაისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ, მეფუტკრეებისა და თაფლის მწარმოებლების შეხვედრას დაესწრო.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს მოქმედი საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა, მეფუტკრეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდის   ხელშეწყობა და მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღდგენა წარმოადგენდა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილემ, ოთარ დანელიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნეს.

მეფუტკრეებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, მისი მოადგილე გელა სამხარაული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე,  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები,  მეფუტკრეობის დარგში ჩართული ასოციაციები, ფერმერები და  ევროკავშირის ექსპერტები.

შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს და  ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები განიხილეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო "მრგვალი მაგიდის" ფორმატში სხვადასხვა დარგის მეწარმეებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს.