თბილისი-რუსთავისა და წითელი ხიდის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობას რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრები ოჯახები აპროტესტებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივებმა ხელისუფლების სახელზე მიმართვაც მოამზადეს. განცხადების ავტორი ლუკა მელაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობა, გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლებას ლახავს, იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის. ამიტომ ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილზე დასახლება უნდა მოხდეს, მანამდე კი მშენებლობის პროცესი შეჩერდეს.
მისივე თქმით, თუ სამართალს ქვეყნის შიგნით ვერ მიაგნებენ, მათი უფლებების დამცველი სტრასბურგსაც მიმართავს.
"ჩვენს შეშფოთებას ამყარებს აზიის განვითარების ბანკის შესაბამისობის შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის საბოლოო ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში გარდაუვალი იქნება შენობის ჩამონგრევა და ადამიანთა მსხვერპლი!
"პროექტის განხორციელების შედეგად გარემოზე მნიშვენლოვანი უარყოფითი ზემოქმედება გამოვლინდება, როგორც სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში, ასევე ავტომაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად: მოხდება არაორგანული მტვრის გავრცელება, იქნება აუტანელი ხმაური და ვიბრაცია, სადაც მუდმივად მოგვიწევს ცხოვრება ჩვენ და ჩვენს მცირეწლოვან შვილებს.
"გარდა ამისა, განხორციელდება ზემოქმედება ადგილობრივ ლანდშაფტზე – გაიკაფება მცენარეული საფარი და მწვანე ნარგავების შთანთქმის ხარჯზე მოხდება გზის დაგება – ჩვენი ფანჯრებიდან დაახლოებით 12 მეტრის დაშორებით, სწორედ იმ მხარეს, საიდანაც დღეისათვის გვაქვს სიწყნარე, სიმშვიდე და ჟანგბადით მდიდარი ჰაერი", - ნათქვამია მიმართვაში, სადაც ასევე საუბარია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზეც.
"მომაკვდინებელი ეფექტი ექნება ავტოტრანსპორტის სახიფათო გამონაბოლქვს. გზის მშენებლობისას და შემდგომაც ატმოსფერულ ჰაერში გავრცელდება მტვრის მყარი ნაწილაკები. მტვერი შეიცავს კანცეროგენს. მტვერი სერიოზულად მუშაობს სასუნთქ გზებზე. ის იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს, აზიანებს იმუნურ სისტემას, შემდომში კი შესაძლოა, კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს!
"გარდა ამისა, ჩვენს კორპუსში ცხოვრობს 6 წლამდე ათეულობით მცირეწლოვანი ბავშვი, გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია კი სახელმწიფოს პირდაპირ ავალდებულებს იზრუნოს ბავშვთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთა მძიმე საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან მუდმივი ხმაურის დონე გამოიწვევს მათ დეზორიენტაციას!
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს, იძულებით დავტოვოთ ჩვენი საცხოვრებელი ბინები და ვეძებოთ ბევრად უფრო უსაფრთხო საცხოვრისი", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის ავტორი ლუკა მელაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ, ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანა უნდა მოხდეს. ამასთან, თუ სამართალს საქართველოში ვერ მიაგნებენ, სტრასბურგსაც მიმართავენ.
"მიმართვას დაახლოებით 600-მდე ხელმომწერი ჰყავს. უკვე აყვანილი გვყავს ადვოკატი და ვამზადებთ განცხადებას, რომ სამშენებლო პროცესი შეჩერდეს მანამ, სანამ ჩვენი საკითხი არ გადაწყდება და ჩვენ არ გადაგვიყვანენ უსაფრთხო ადგილას. ვაპირებთ სარჩელის შეტანას და თუ ქვეყნის შიგნით ვერ მივაგნებთ სამართალს, მაშინ სტრასბურგსაც მივმართავთ", - აცხადებს ლუკა მელაშვილი.
ნინი ქეთელაური
გაზეთი "რეზონანსი"