აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეას “აყვავება და კარგი ეკონომიკური პერსპექტივები” ელის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
აშშ-ს პრეზიდენტის ინფორმაციით, მასსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის დეტალების მოსაგვარებლად, აშშ-ს დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში უკვე ჩავიდა.
„ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ კორეაშია ჩასული ჩემი და კიმ ჩენ ინის შეხვედრის მოსამზადებლად. მე მჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას შესანიშნავი პოტენციალი აქვს და ერთ მშვენიერ დღეს შესანიშნავი სახელმწიფო იქნება ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით. კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება. ეს აუცილებლად მოხდება!“ - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სამთავრობო დელეგაცია მოლაპარაკებებს ატარებს 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის გამართვის თაობაზე.