ბრაზილიის პრეზიდენტმა მძღოლების პროტესტის ფონზე დიზელზე ფასები შეამცირა

ბრაზილიის პრეზიდენტმა მძღოლების პროტესტის ფონზე დიზელზე ფასები შეამცირა.

ეს გადაწყვეტილება მიშელ ტემერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სატვირთო მანქანების მძღოლების გაფიცვამ ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის პარალიზება მოახდინა.

მანამდე ტემერი ამბობდა, რომ გააგზავნიდა ფედერალურ ძალებს, რათა გაეთავისუფლებინა მძღოლების მიერ გადაკეტილი საქალაქთაშორისო გზები.

აქციები ბრაზილიაში გასული კვირიდან იმართება. აქციების დაწყების მიზეზი დიზელის საწვავის გაძვირება გახდა. პროტესტის შედეგად მიყენებულმა ზარალმა კი რამდენიმე მილიარდი დოლარი შეადგინა.

„დიზელზე ფასი უკვე დაწეულია 46 სენტავომდე (13 აშშ ცენტი), ის იმოქმედებს 60 დღის განმავლობაში. ორი თვის შემდეგ კი დარჩება მხოლოდ კორექტირების სქემა, რომლის მიხედვით განსაზღვრავენ მძღოლები საკუთარ შორსმავალ მარშრუტს და გადასაზიდი ტვირთის ღირებულებას“ - დაწერა ტემერმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

კოკა კვირკველია