პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გამოყოს ორი მილიარდ დოლარამდე თანხა იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა განათავსებს მუდმივ სამხედრო ბაზას მის ტერიტორიაზე.
მის შესახებ გამოცემა Onet-ი პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პოლონეთი მზადაა ამ ბაზის შესაქმნელად საჭირო დანახარჯების ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს და ამით ამერიკის მთავრობისთვის ის მეტად რენტაბელური გახადოს. დოკუმენტში წერია, რომ ბაზის მშენებლობა სამხედრო ობიექტების გარდა ასევე ითვალისწინებს ამ ტერიტორიაზე საავადმყოფოსა და სკოლის აშენებასაც. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული წინადადება უკვე გადაიგზავნა თეთრ სახლში, რამდენიმე სახელმწიფო უწყებასა და ანალიტიკურ ცენტრებში, მათ შორის „ატლანტიკურ საბჭოში“.
პოლონეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო დივიზიის ყოფნა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე აუცილებელია რუსეთის მხრიდან მომდინარე გაზრდილი საფრთხეების ფონზე, რომელიც ემუქრება ევროპას. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ბაზის განთავსება თავად ამერიკის ეროვნული თავდაცვის დოქტრინასაც პასუხობს, სადაც „რუსული საფრთხე“ მოხსენიებულია როგორც ქვეყნის, ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.
პოლონური მხარე საკუთარ თავზე იღებს დანახარჯებს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ამასთან, მზად არის უსასყიდლოდ დაუთმოს ამერიკას საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.
კოკა კვირკველია