„ენგურჰესი“ მაქსიმუმ 2 დღეში ამუშავდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის ყველა დაზიანებული დეტალი შეკეთებულია.
„ყველა ტურბინა მწყობრშია. ამ დროისთვის მიმდინარეობს სადერივაციო გვირაბის წყლით ავსება, რათა ჰესმა მუშაობა განაახლოს. გვირაბში უნდა იყოს 1 მლნ კუბური მეტრი წყალი, ამჟამად კი მისი მხოლოდ მესამედია სავსე. ავსების შემდეგ „ენგუჰრესი“ ჩაირთვება, ვვარაუდობთ, რომ ეს მაქსიმუმ 2 დღეში მოხდება“, - განაცხადა ხუბუამ.
რაც შეეხება იმპორტს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით,„ენგურჰესის“ ავარიულად გამორთვის მომენტიდან 28 მაისის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში 20 152 237 კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
„ამჟამად ქვეყნის ენერგომომარაგება ხორციელდება ჰიდრო და თბოსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის და იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე. იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან“, - განაცხადეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.
„ენგურჰესი“ ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.