კვლევის საგანგაშო შედეგები – ყველში ბაქტერიები და მომწამლავი ნივთიერება აღმოჩნდა

ყველის 50 ნიმუშიდან 35 ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდა.ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ" ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ყველის 30 ნიმუშში კოლიფორმები - ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები, ხოლო 5-ში კი ოქროსფერი სტაფილოკოკია.

როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე აცხადებს, ყველის უსაფრთხოების პარამეტრების შემოწმების გადაწყვეტილება მოქალაქეთა გახშირებული მიმართვების შემდეგ მიიღეს.

"საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციაში" არაერთმა მომხმარებელმა დარეკა პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთერებით მალფუჭებადია. ამ პროდუქტს სჭირდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სწორად შენახვისთვის და იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის უვნებელი იყოს. ფედერაციის თანამშრომლებმა რამდენიმე ქალაქში შევისყიდეთ ყველის 50-მდე ნიმუში - ტრადიციული, ქარხნული და სულგუნი. საგანგაშო მდგომარეობაა - 50 ნიმუშიდან 30-ში აღმოჩენილია კოლიფორმები ანუ ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები და 5-ში პათოგენი - ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში ეს პათოგენი გამოყოფს ენტეროტოქსინს, რომელიც 90%-ით აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და იწვევს კვებით ინტოქსიკაციას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია", - აცხადებს მადონა კოიძე.

კოიძე აღნიშნავს, რომ ძირითადად, გლეხურმა ანუ ოჯახურ პირობებში დამზადებულმა ყველმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები, ხოლო ქარხნული წესით დამზადებულ ყველი ლაბორატორიული შემოწმების დროს სუფთა აღმოჩნდა.

"ამ კვლევაში მოხვდა რამდენიმე ქარხნული წესით დამზადებული ყველი. ჩვენ ისინი შევიძინეთ როგორც ბაზარში, ასევე მარკეტებში და გარემოვაჭრეებთან. ქარხნული წარმოების პროდუქტი იყო - "სანტეს" სანებო, სულგუნი და ალპური, ასევე "კარფურის" და "ბოგდანოვკის" ყველი. ამ პროდუქტებმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, ანუ ყველის ქარხნებში ხდება დეზინფექცია და ხდება დანადგარების გასუფთავება. თუმცა გლეხური წარმოების ყველის ნიმუშების 90%, რომლებიც მარკეტებსა თუ ბაზარში შევიძინეთ, დაბინძურებული აღმოჩნდა", -ამბობს კოიძე.

"მომხმარებელთა ფედერაციამ" ყველის ნიმუშები თბილისში, სენაკში, აბაშაში, ბათუმში, თელავში, ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში შეიძინა. კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა. ნიმუშები დაშიფრული იყო. გადაზიდვა კონტეინერებით, ყველა აუცილებელი წესის დაცვით განხორციელდა.

"გადამყიდველებს ვეკითხებოდით, თუ სად იყო ყველი დამზადებული. გვპასუხობდნენ, რომ ყველი რამდენიმე ოჯახიდან ჰქონდათ "ჩაბარებული", იყო შემთხვევები, როდესაც ამბობდნენ, რომ მათ ოჯახში დამზადებული ყველი იყო. თუმცა იქაც პროდუქტის დაბინძურებაა აღმოჩენილი. ყველის მომზადებისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული ტექნოლოგიური და სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები. თუ იქნება ნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ განხორციელდეს კონტროლი და ყველა ჯანსაღ, კონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩადგეს, საქართველოში ყველის ხარისხის მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ გვექნება. ამ რისკების მართვა შეიძლება",-ამბობს მადონა კოიძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ამბები.გე" საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ანა მიქაძეს ესაუბრა.

"ყველთან დაკავშირებით საიმედოს ვერაფერს გეტყვით. იმიტომ, რომ წლების მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის მანძილზე, ეს სფერო ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ყველის წარმოებას თავი რომ დავანებოთ, ისიც კი აისახება პროდუქტის ხარისხზე, თუ რითი იკვებება საქონელი. შეიძლება საქონელს არაფერი სჭირდეს, მაგრამ პრევენციისთვის ფერმერმა ვაქცინა, ანტიბიოტიკი გაუკეთოს. ანტიბიოტიკიანი რძე ყველისთვის უვარგისია, არ შეიძლება ანტიბიოტიკიანი რძით დამზადებული ყველის საკვებად გამოყენება. საქონელს რომ ვაქცინა გაუკეთა, ამას არცერთი ფერმერი არ იტყვის, არ გაამხელს იმიტომ, რომ იცი - კონტროლი არ არსებობს, არავინ შეუმოწმებს არც რძეს, არც ყველს. მაღაზიაში მიიტანს შავ ცელოფანში ჩადებულ, შავ მარილში ამოვლებულ, გაუბედურებულს პროიდუქტს და მაღაზია მაინც ჩაიბარებს, იმიტომ, რომ მომხმარებელი საერთოდ არ არის პრეტენზიული. ქართველ მომხმარებელს ერთი უბედურება სჭირს, კარგი გაგებით - იმდენად უყვარს ყველი, ყველანაირ რისკზე მიდის, ოღონდ ყველი არ მოაკლდეს. ყველის დამზადების პროცესი უკვე ცალკე ტრაგედიაა - რითი კვეთენ ყველს, როგორ ჭურჭელში მოწველეს და ჩაკვეთა, მოიწველა ყველი თუ არა სუფთა ხელებით. ეს სტანდარტები ყველგან დარღვეულია. რაც შეეხება საწარმოებში დამზადებულ ყველს - თუ ყველა სტანდარტი დაცულია ქარხანაში საწარმოში, უვნებლობის პრობლემა მოხსნილი გვაქვს",-აცხადებს ანა მიქაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს ყველის კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ცვლილების პროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბოლოს განხილული კანონპროექტის ვერსიით, კანონში შედიოდა არსებითი ცვლილება, რომელიც სურსათის უვნებლობას საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა - კერძოდ, მკაცრდებოდა და ფართოვდებოდა სურსათის უვნებლობის კონტროლი. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლს მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც, რომელიც რიგ სფეროებში საქართველოს ბაზრის ძირითადი მომმარაგებელია. "იმერული" ყველი და "სოფლის" მაწონი მთლიანად კუსტარულად იწარმოება. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში ეს მიდგომა შეცვლილია და კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე. მაშინ როდესაც საზღვარგარეთის ქვეყნებში, როგორც ყველთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებს.

ნუცა ახალკაცი