ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან აღარ დაირიცხოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„აღნიშნული წესები საფინანსო-საბანკო სექტორში სრულიად ახალ, სამართლიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს. შედეგად კი, მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. ჯარიმის დარიცხვის არსებული პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმას სესხის საერთო თანხიდან არიცხავდა, სრულიად უპასუხისმგებლო და უსამართლოა,“-აღნიშნა ბახტაძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ინიციატივების თანახმად, ფინანსური სექტორი მოქალაქეებს იპოთეკით დატვირთული ქონების გარდა სხვა ქონებას ვეღარ ჩამოართმევს. ამასთან, დაგეგმილია, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი 100%-დან 50%-მდე შემცირდეს.