საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
- ბატონო ლადო, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მან მთავრობის სხდომას წარუდგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც დაამკვიდრებენ სრულიად ახალ სამართლიან თამაშის წესებს საფინანსო-საბანკო სექტორში, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. საუბარია, არაერთ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე. თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქეებისთვის ის რეგულაციები, რაზეც მინისტრი მამუკა ბახტაძე იმედებს ამყარებს და რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ეს რეგულაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას?
საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ინიციატივებს მივესალმები, რადგანაც ისინი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში დამყარდეს ფინანსური წესრიგი.
ეს ინიციატივები წესით უნდა მოდიოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებიდან, რადგანაც ის, რასაც ფინანსთა მინისტრი გვთავაზობს, აწესრიგებს საკრედიტო სფეროს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აშკარად გამოხატული პასიურობით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კობა გვენეტაძის პროფესიულ მომზადებაში ეჭვის შეტანა ძნელია, სახეზეა მისი და მისი გუნდის პასიურობა, რის გამოც ეროვნული ბანკი პრაქტიკულად ”უძრაობის” რეჟიმშია გადასული და მის გასაკეთებელ საქმეს ფინანსთა სამინისტრო იღებს თავის თავზე. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს. ეროვნული ბანკის საქმიანობა კი ცალკე არის ყურადღება მისაქცევი...
ბატონი მამუკას ინიციატივებიდან შედარებით რთული დასარეგულირებელი იქნება სამევახშეო სფერო, რადგანაც მევახშეებისთვის უფრო დამახასიათებელია არალეგალური საქმიანობა. ასევე არ იქნება მარტივი ონლაინ-სესხების სფეროს დარეგულირებაც. ის შემართება, რაც გამოაჩინა ბატონმა მამუკა ბახტაძემ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
- საბანკო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას ეკონომისტთა უმრავლესობა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ბანკებს კომერციული საქმიანობა არ ეკრძალებათ, რის გამოც ბევრ სფეროში ეკონომიკური საქმიანობის წარმატებული პროექტების განხორციელებაში საბანკო სექტორი სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან შედარებით პრივილეგირებულ პირობებში იმყოფებიან და ხშირ შემთხვევაში ახდენენ ამა თუ იმ სფეროს მონოპოლიზებას.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება არ იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბანკებს კომერციული საქმიანობა აეკრძლებათ?
- ბანკებისათვის აშკარადაა დამახასიათებელი არაპროფილური საქმიანობა, რაზეც უკვე დიდი ხანია მიდის საჯარო მსჯელობა. სამწუხაროდ, აქაც იკვეთება ეროვნული ბანკის პასიურობა.
რჩება განცდა, ეროვნული ბანკი კი არ არეგულირებს საბანკო სფეროს, არამედ ეს უკანასკნელი, უფრო ზუსტად კი რამდენიმე მსხვილი ბანკი, განუსაზღვრავს ეროვნულ ბანკს თამაშის წესებს. ასეთი უსუსური ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ საქართველოს ჯერ არ ჰყოლია და ეს საგანგაშოა.
რჩება იმის განცდა, რომ ეროვნული ბანკი კი არ არეგულირებს საბანკო სფეროს, არამედ ეს უკანასკნელი, უფრო ზუსტად კი რამდენიმე მსხვილი ბანკი განუსაზღვრავს ეროვნულ ბანკს თამაშის წესებს. ასეთი უსუსური ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ საქართველოს ჯერ არ ჰყოლია და ეს საგანგაშოა
ქვეყანაში ძლიერდება ანტისაბანკო განწყობა, რაც ნამდვილად საზიანოა ქვეყნისთვის, მისი ისედაც სუსტი ეკონომიკისთვის. ამიტომ ეროვნული ბანკის გააქტიურება აუცილებელია, ეს კი უწინარეს ყოვლისა პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს.
- ვინაიდან ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნასა თუ მისსავე პოლიტიკურ პერსპეტივებზე საუბრები არ ცხრება, ოპოზიცია მას ხან იმას უხსენებს, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ მისი საქმიანობა წარმატებული სულაც არ ყოფილა, ხან იმას, რომ იგი მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, როგორც შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია. თქვენი აზრით, მართლაც რას შეიძლება უკავშირდებოდეს მოსკოვში განათლებამიღებული კადრების ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში საკვანძო პოზიციებზე დანიშვნა?
- მოსკოვის უნივერსიტეტებში განათლების მიღება ცოდვად არ შეიძლება ჩაითვალოს. იმ ოპოზიციას, ვინც ამ ბრალდებით გამოდის ავიწყდება, რომ მისი გაპრეზიდენტებული ლიდერი კგბ-ს ჯარებში მსახურობდა, ან რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქე იყო და ეს მოქალაქეობა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა, როცა მედიაში ამ ფაქტზე უკვე ატეხილი იყო ხმაური.
ამ ოპოზიციას იმის გახსენებაც არ უნდა, რომ ვარდების რევოლუციის და ასლან აბაშიძის აჭარიდან გაძევების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი პრეზიდენტ პუტინის მიერ თბილისში და შემდეგ ბათუმში სპეციალური მისიით გამოგზავნილი იგორ ივანოვი იყო. ამიტომ ამ ოპოზიციის კრიტიკას ნაკლებად უნდა მიექცეს ყურადღება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ ოპოზიციის ფლაგმანებად გვევლინებიან „ნაცები“ და „ევრონაცები“ - ეს ქვეყნის უბედურებაა.
- უკანასკნელ პერიოდში არაერთმა საშინაო პრობლემამ შეგვახსენა თავი. დამოუკიდებლობის პომპეზურად აღნიშვნის მეორე დღესვე ხორავას ქუჩის საქმის გამოუძიებლობის გამო შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე იძულებული გახადა პარლამენტის წინ აქცია მოეწყო. არ ცხრება კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მართლმადიდებლური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაწყევლაზე.
სამართალდამცავებსა და ეკლესიას უმეტესობა აკრიტიკებს და სავსებით სამართლიანადაც. რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება შვილმკვდარი მამის ზაზა სარალიძის მტკიცება, რომ ყოფილ პროკურორ სუბელიანს ხელისუფლება აფარებს ხელს?
- ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების სფეროშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა, რომ გამოძიება წარიმართოს სწორი მიმართულებით, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი.
სამწუხაროდ, დღეს რიგით მოქალაქეებს არ გვაქვს იმის განცდა, რომ პროკურატურა ობიექტურად მოქმედებს. არ შეიძლება, რომ თუნდაც ერთი დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი. იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია