საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“გაყოფის პროცესი წარმატებით დასრულდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის და საქართველოს კაპიტალის აქციები პრემიუმ ლისტინგის სეგმენტშია განთავსებული

29 მაისი, 2018 - საქართველოს ბანკმა და საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“

„ბიჯეო“ ჯგუფის გაყოფის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა. 10-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი − BGEO − ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო. კომპანიებად, რომლებიც მოღვაწეობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით აგრძელებენ. აღნიშნული გაყოფა საქართველოს ფინანსურ სექტორში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ამიერიდან ორ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლად მართოს ყველა რესურსი, მისდიოს საკუთარ სტრატეგიასა და იზრუნოს კიდევ უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლაზე.

საქართველოს ბანკის და „საქართველოს კაპიტალის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში წარმატებით განთავსდა. დღეიდან, ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკის აქციები BGEO-ს ე.წ ტიკერით, ხოლო საქართველოს კაპიტალის აქციები CGEO-ს „ტიკერით“.

„ვულოცავ ორივე კომპანიის წარმომადგენლებს ამ დიდ წარმატებას. ვფიქრობ, დამოუკიდებლად წინსვლა ყველაზე სწორი გზაა, რადგან ორივე ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, მაქსიმალურად აითვისოს არსებული პოტენციალი და განვითარდეს; წარმატებული საბანკო და საინვესტიციო კომპანიები კი ქვეყნის წარმატების წინაპირობაა. მე ამაყი ვარ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში ყოფილი საინვესტიციო კომპანია „ბიჯეო“-დან უკვე სამი დამოუკიდებელი კომპანიაა წარმოდგენილი − საქართველოს ბანკი, საქართველოს კაპიტალი და GHG ჯგუფი,“ - განაცხადა „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

„მინდა მივულოცო წარმატებული გაყოფა როგორც საბანკო, ასევე საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს; გაყოფა, რომელიც საინტერესო პროცესისა და 10-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. კომპანიებმა უკვე მიაღწიეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და ახლა მზად არიან, დამოუკიდებლად განაგრძონ მოღვაწეობა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროცესში. ვფიქრობ, გაყოფის შედეგად, საქართველოს ბანკს შესაძლებლობა ექნება, გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და კიდევ უფრო საინტერესო ისტორია შექმნას საბანკო მომსახურების სფეროში.“ - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს საბანკო სექტორი პირველად 2006 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ნდობა ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს საქართველოს საბანკო სექტორის ნახევარზე მეტი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, ის ეფუძნება გამჭვირვალე მმართველობით ფორმას და რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ვულოცავ დღევანდელ წარმატებას როგორც საქართველოს ბანკს და საინვესტიციო კომპანიას, ასევე მთელ ქვეყანას”,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო და საბანკო მიმართულებებად ბიზნესების ცალ-ცალკე გაყოფის შემდეგ აქციონერები, რომლებიც ფლობენ BGEO ჯგუფის აქციებს, თითოეული აქციის ნაცვლად მიიღებენ საქართველოს ბანკის ერთ და „საქართველოს კაპიტალის“ ერთ აქციას. ამასთან, „საქართველოს კაპიტალი“ „საქართველოს ბანკში“ საწყის ეტაპზე, დროებით 19.9% -იან წილს შეინარჩუნებს, რომელიც ეტაპობრივად შემცირდება.

ინფორმაციისთვის, საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეომ“ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ კომპანიის აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ყოფილი საინვესტიციო ჯგუფიდან „BGEO“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 კომპანიაა წარმოდგენილი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group), „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG Healthcare).