საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გაიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს, ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც გეოლოგიის დარგში მოღვაწე 26 მომხსენებლის გამოსვლას და 5 თემატურ სასტენდო მოხსენებას აერთიანებს, გეოლოგიის დარგში არსებული სიახლეების და გამოწვევების განხილვაა. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოლოგების ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძის და იოსებ ბუაჩიძის საიუბილეო თარიღებს.
მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სპონსორი და მხარდამჭერია კომპანია „არემჯი“.
2017 წელს „არემჯის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ითანამშრომლოს უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებთან, სტუდენტების პრაქტიკების გატარების და დასაქმების კუთხით.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები გავხდით. „არემჯის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე დიდ ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ტექნიკური უნივერსიტეტი არის ამ ურთიერთობის ძალიან კარგი მაგალითი. მათი სტუდენტები ყოველწლიურად გადიან ჩვენს საწარმოში პრაქტიკებს, ამავე დროს არიან ჩვენი სტიპენდიანტები. ჩვენი საწარმოს წარმატებული მომავალი დიდწილად არის დაკავშირებული წარმატებულ ახალგაზრდებთან“, - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.