საბანკო-საფინანსო სექტორში საკანონმდებლო რეფორმასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალ ინიციატივებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აფასებს და აცხადებს, რომ ეს მოსახლეობას სესხის აღებისას იმ საფრთხეებისაგან დაიცავს, რაც ამ პროცესს თან ახლავს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივები ყველა საბანკო, საფინანსო თუ საკრედიტო ორგანიზაციას შეეხება და მაქსიმალურად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები, რათა ამ პროცესში ისინი არ დაზარალდნენ.
„ეს არის სამართლიან წესებზე დაფუძნებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, თუკი აქამდე თანხის გადაუხდელობის გამო ხდებოდა ქონების დაყადაღება, ახლა ეს მხოლოდ არსებული გირავნობის საგანს შეეხება და ყადაღა სხვა ქონებაზე არ გავრცელდება. იზღუდება ლომბარდების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების - ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს შეადგენს 100%-ს, მცირდება 50%-მდე. ასეთი ტიპის ძალიან კონკრეტული და საქმიანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ინიციატივები დადებითად შეაფასა ისეთმა მნიშვნელოვანმა სარეიტინგო კომპანიამ, როგორიც არის „Moody’s“, რაც ძალიან შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და მაკროეკონომიკური პარამეტრების ზრდას. „ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტი აქტიურად დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საფინანსო-საბანკო სექტორში განსახორციელებელი ინიციატივების პრეზენტაცია ფინანსთა მინისტრმა დღეს გამართა.