"თელასი" მომხმარებელს ახალ ვებ-გვერდს სთავაზობს

კომპანია "თელასი" მომხმარებლებს ახალ ვებ-გვერდს - www.telasi.ge სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, ვებ-გვერდი თანამედროვე ტექნოლოგიურ და დიზაინ-პლათფორმის ბაზაზეა შექმნილი.

ახალი სამენოვანი ვებ-გვერდის სტრუქტურა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად მარტივად მიიღოს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტზე და მისი მომსახურების შესახებ, კერძოდ, კომპანიის მუშაობის, ისტორიის, ხელმძღვანელობის, დედაქალაქის ელექტრომომარაგების, ტარიფების, ტენდერების და კონკურსების გამოცხადების, ვაკანსიების, სოციალური და საქველმოქმედო პროგრამების შესახებ. ასევე ვებ-გვერდზე განთავსებულია "თელასის" სათაო ოფისის და ბიზნეს ცენტრების ადგილმდებარეობის მაჩვენებელი ინტერაქტიული რუკა.

ვებ-გვერდიდან მომხმარებელს შეუძლია გამოიწეროს ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა "კომპანიის ახალი ამბები", "ელექტროენერგიის შეზღუდვები", "გამოცხადებული ტენდერები და კონკურსები". მომხმარებელი ამატებს თავის ელექტრონულ მისამართს შესაბამის ბაზაში და ინფორმაცია ავტომატურად იგზავნება მის ელექტრონულ ფოსტაზე.

გარდა ამისა, ვებ-გვერდს დაემატა ორი ახალი ონლაინ მომსახურება, "აბონენტის პირადი გვერდი" და "ახალი მომხმარებლის მიერთება". მომსახურება "ახალი მომხმარებლის მიერთება" ონლაინ რეჟიმში "თელასის" აბონენტად დარეგისტრირების საშუალებას იძლევა. "აბონენტის პირადი კაბინეტის" მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გამოთვალოს და გადაიხადოს ელექტროენერგიის დავალიანება პირდაპირ კომპანიის ვებ-გვერდიდან. აგრეთვე, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებელია, სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა.

"თელასის" ახალი ინფორმაციული რესურსის დახმარებით აბონენტს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის "ცხელ ხაზს" და დატოვოს შეტყობინება ელექტროენერგიის დატაცების ან "თელასის" თანამშრომელთა მხრიდან რაიმე სახის დარღვევის შესახებ.