923 დასრულებული საქმე 10 თვეში - როდის დაემატება კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას ახალი მიმართულებები

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის კოლეგიამ 1-ლი აგვისტოდან 20 მაისის ჩათვლით, 923 საქმის განხილვა დაასრულა.

ამის შესახებ „პიზნესპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომერციული დავების განმხილველ კოლეგიაში თვეში დაახლოებით 10-14 ახალი საქმე შემდის. ამჟამად განსახილველი საქმების რაოდენობა 150-ს შეადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება 2017 წლის 1-ელ აგვისტოს შეიქმნა. ვიწრო სპეციალიზაცია 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს.

თავდაპირველად კოლეგია ოთხი მოსამართლით დაკომპლექტდა - თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, სოსო ღურწკაია. მოგვიანებით კოლეგიას მეხუთე მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი დაემატა. თუმცა, როგორც სერგი მეთოფიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას აცხადებს, მეხუთე მოსამართლე ზაალ მარუაშვილი, კვლავ თავის სპეციალიზაციას დაუბრუნდა, რადგან კომერციულ დავებში საქმე ნაკლებია.

„2017 წლის 1-ლი აგვისტოდან, 2018 წლის 20 მაისის ჩათვლით მოხდა 923 საქმის განხილვა და დასრულება. დასრულებულთა შორის გაკოტრება არის 13. რაც შეეხება დღეს არსებულ საქმეებს, სულ 150 საქმეა, რომელთაგან წმინდა კომერციულია 101, ხოლო გაკოტრება - 49. თვეში დაახლოებით 10-14 ახალი საქმე შემოდის.

„ამჟამად კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციაში 4 მოსამართლეა. ზაალ მარუაშვილი დავაბრუნეთ ისევ თავის სპეციალიზაციაში, რადგან აქ დატვირთვა ნაკლებია, სხვა მიმართულებით გაცილებით მეტი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კომერციულ დავებში საქმეები თავისი ხარისხითა და წონით სამაკმაოდ რთულია. თუ სხვა სპეციალიზაციაში მოსამართლე სხდომას 1-2 საათი ატარებს, ამას შეიძლება განხილვა დილიდან საღამომდე დასჭირდეს“,-აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას თებერვლიდან ახალი მიმართულებები უნდა დამატებოდა. კერძოდ, პარტნიორებს შორის არსებული დავების განხილვა, ასევე, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლო სარჩელებიც. თუმცა, ეს გადაიდო. როგორ სერგო თოფიშვილი აცხადებს, სავარუდოდ, შემოდგომიდან დაემატება.

„ჯერჯერობით ახალი მიმართულებები არ დამატებია. თუმცა, შემოსული საქმეების სტატისტიკა იძლევა იმის საშულებას, რომ ამაზე ისევ ვიფიქროთ და სავარაუდოდ, შემოდგომიდან დავამატოთ. ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება“,-აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.

ნინი ქეთელაური