საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს კურორტის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს კურორტის განვითარების შესაძლებლობების შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ხელშეკრულება გააფორმა.

„კვლევა რამდენიმე თვეში დასრულდება და შემოდგომისთვის უკვე გვეცოდინება, რა შეიძლება გავაკეთოთ წყალტუბოს განსავითარებლად,“- განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. ირაკლი კოვზანაძის თანახმად, კვლევა  მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების შესაძლო განვითარებას, ბუნებრივი აქტივების ტექნიკურ კვლევას, საკურორტო კომპლექსის განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის განახლების გეგმას.

წყალტუბოს კურორტი განთქმულია თერმულ-რადონული წყლის აბაზანებით და პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდის დროს. Kohl & Partner, ძირითადად სასტუმროების და ტურიზმის განვითარების კუთხით მუშაობს და წარმოდგენილია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ბულგარეთში.