სომხურ მხარეს ოფიციალურ მოლაპარაკებებზე არც ერთხელ არ დაუყენებია აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის იქნება.
„აქამდე რა მოლაპარაკებებსაც დავსწრებივარ, ოფიციალურ მოლაპარაკებებზე სომხურ მხარეს არც ერთხელ არ დაუყენებია აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი. მე არ შევსწრებივარ ასეთ მოლაპარაკებას. აქედან გამომდინარე, არც დღეს მაქვს ეს მოლოდინი. ჩვენთვის სომხეთი არის მეგობარი, მეზობელი, მოძმე სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები გვაქვს, როგორც სავაჭრო მიმართულებით, ასევე, ტურიზმის მიმართულებით და სატრანსპორტო მიმართულებით. ენერგეტიკულად საკმაოდ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით და ვფიქრობ, განსახილველი საკმაოდ ბევრი გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.