ყატარში საუდის არაბეთში წარმოებული პროდუქციით ვაჭრობა აღარ მოხდება

ყატარის ხელისუფლებამ საკუთარ სავაჭრო ობიექტებს დირექტივები მისცა, რათა მათ საუდის არაბეთიდან და მისი მოკავშირეების მხრიდან მიწოდებული პროდუქციით არ ივაჭრონ.

როგორც CNN-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ხელისუფლების დირექტივა გაეგზავნა ყველა რითეილერს, სადაც მითითებული იყო პროდუქციის ჩამონათვალი, მათ შორის, საკვები პროდუქტები, რძე და ხორცი, რომელთა ხარისხიც როგორც ხელისუფლება აცხადებს, ხარისხის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

ცნობისათვის, საუდის არაბეთს, გაერთიანებულ საემიროებს და ეგვიპტეს ყატარისთვის სავაჭრო ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, რის პასუხად ყატარი უმალ გადაერთო თურქეთზე და მას რეალური კრიზისი პროდუქციის მიწოდების მხრივ არ დატყობია, თუმცა მის სავაჭრო ობიექტებში ზემოთმოყვანილი არაბული ქვეყნების პროდუქცია მაინც ხვდებოდა.

შეგახსენებთ, არაბულ ქვეყნებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც საუდის არაბეთმა ყატარი ღიად დაადანაშაულა ტერორისტების მფარველობაში და მათ ფინანსურ დახმარებაში. შედეგად კი ცალკეულმა არაბულმა ქვეყნებმა ყატარს ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელსაც დასრულების პირი ჯერ არ უჩანს. თავის მხრივ, ყატარმა ამ ბოიკოტის შემდეგ სწრაფად შეძლო მისი სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიცირება, შედეგად კი აღნიშნულ ბოიკოტს მისი ეკონომიკა არ დაუზიანებია. ყატარი დღემდე რჩება მსოფლიოს უმსხვილეს გათხევადებული ბუნებრივი აირის მიმწოდებლად. მსოფლიოს თხევადი გაზის მიწოდების 30% სწორედ ყატარზე მოდის, რომელიც ამარაგებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი

კოკა კვირკველია