აგარა-ზემო ოსიაურის ჩქაროსნული გზის მშენებლობა იწყება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ქუვეითურ კომპანია "Copri Construction Enterprises W.L.L"-ს შორის აგარა-ზემო ოსიაურის 12-კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ, "Copri Construction Enterprises W.L.L"-ის საქართველოს ფილიალის დირექტორებმა, ალა აკდაგმა და ამირან მამუჭაძემ მოაწერეს ხელი.

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ19-კმ31) მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მის მშენებლობაზე 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში ქუვეითურმა კომპანიამ "Copri Construction Enterprises W.L.L"-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ ლარზე მეტია, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა - სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვე.

პროექტის ფარგლებში, 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზა აშენდება. ასევე, განხორციელდება ხელოვნური ნაგებობების, კერძოდ, 2 სატრანსპორტო კვანძის, 4 სახიდე გადასასვლელის, 20 წყალგამტარი რკინაბეტონის მილისა და 3 სამეურნეო გასასვლელის მშენებლობა.

ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში კონტრაქტორი კომპანია "Copri Construction Enterprises W.L.L" აგარა-ზემო ოსიაურის გზაზე სამშენებლო ბაზის მოწყობასა და სამშენებლო ტექნიკის მობილიზებას დაიწყებს.