"ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გველოდება"

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 230 მგვტ-იანი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის “გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად ვითარდება ენერგოსექტორში გენერაციის მიმართულება. სულ რაღაც ერთი წლის წინ ექსპლუატაციაში შევიდა პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად დააფინანსა და „საპარტნიორო ფონდმა“ ეს პროექტი წარმატებით დაასრულა. დღეს უკვე მიმდინარეობს მეორე ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ დინამიკაზე, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში აღინიშნება.

„ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც მე გახლდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მქონდა რამდენიმე წარმატებული ვიზიტი ჩინეთში. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის უდიდესი და ისტორიული ინიციატივის „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი ჩინეთის კომერციის მინისტრთან ერთად. შემდგომში გავაგრძელეთ მოლაპარაკებები და ძალიან წარმატებული პროექტი შესრულდა საქართველოს რკინიგზასთან ერთად - ჩინეთიდან პირველი პირდაპირი მატარებელი შემოვიდა ყაზახეთის და კასპიის გავლით, შემდეგ აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, რასაც სულ რაღაც 9-10 დღის ინტერვალი დასჭირდა. შემდეგში, გაგრძელდა ეს პროექტი, დაიხვეწა ლოგისტიკური მარშრუტი და უკვე მატარებელი, რომელმაც პრინციპში, სამხრეთ კორეიდან წამოიღო ტვირთი და მთელი ჩინეთის გავლით გამოიარა ალტერნატიული ახალი მარშრუტი, საქართველოში სულ რაღაც 12 დღეში ჩამოვიდა. ეს მარშრუტი კიდევ უფრო მეტად ვითარდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მარშრუტის შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს საქართველოში მიმდინარე პროექტები - ავტობანის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აგრეთვე, არსებული პორტების პოტენციალი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმებამ ორი ქვეყანის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს სრულიად ახალი დინამიკა შესძინა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ გასული ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ზრდა აღინიშნა საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტისა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას აქვს ძალიან საინტერესო და დინამიკური პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი, რომელიც ჩვენს სტუმრებთან ერთად ხორციელდება არ არის მათ მიერ განხორციელებული ერთადერთი პროექტი საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღესვე, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და CNCEC-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესახებ შესაძლებლობების შესწავლასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

“გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებელი ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური, 230 მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მშენებლობას სრულად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აფინანსებს.