„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ძირითადი მიზანია ავიაკომპანიების ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების ჩატარებისა და საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დროს, რაც დაკავშირებულია შესაბამისი ნებართვის მაძიებელი იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებასთან.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია, კერძოდ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ნებართვის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციას, კერძოდ, აღნიშნული ნორმის საფუძვლეზე, იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები.
კანონის აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს დამატებით ბარიერს იმ ავიაგადამზიდველისათვის, რომლებიც შესაბამისი ნებართვების – არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და/ან საავიაციო სამუშაოების ნებართვის მისაღებად მიმართავენ ნებართვის გამცემ უწყებას – სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. კერძოდ, ავიაკომპანიების ბარიერი და სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღებას, მით უფრო არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, ესაჭიროება დროის ხანგრძლივი პერიოდი. შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილება იქნეს შეტანილი კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტში და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით დადგინდეს გამონაკლისი, რომლის საფუძველზეც კანონის მოთხოვნა არ გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც მიმართავენ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის მიღების მიზნით,“-აღნიშნულია პროექტში.