სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლენასთან დაკავშირებული აუდიტის მიგნებები მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა არსებული რადარებისა და სხვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების განლაგება, რაოდენობა და ფუნქციონირება, რომლის გავრცელებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის ინტერესებზე.
აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა საკმარისად ვერ ხდება, რადგან რადარების რაოდენობა მცირეა და ხშირად მათი გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება. ასევე ტექნიკურად გამართული არ არის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ნაწილი, რომელიც საგზაო წესების სხვადასხვა სახის დარღვევებს (სიჩქარის გადაჭარბების გარდა) ავლენს. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზს ხშირად ქვეითად მოსიარულეები წარმოადგენენ, მათი დაჯარიმება კი თითქმის არ ხდება.
„უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მოქმედების ზონები, სამუშაო დრო, არ გააჩნიათ სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რის გამოც ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დაფიქსირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე არადროული და არაპროპორციული რეაგირება გავლენას ახდენს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობაზე და იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს,“-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.