ვინ და რა პროექტს ახორციელებდა მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და აღნიშნულის შესახებ ყველა შესაბამისი სამსახური ინფორმირებულია.

არსებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. „ბიზნესპრესნიუსის“ ცნობით, ეს კომპანია GDG+-ია, რომელიც ტერიტორიაზე 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებდა.

„ბიზნესპრესნიუსმა“ კომპანიის დირექტორს ბეჟან წაქაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კონსტრუქტორებთან ჰქონდა შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას გასული წლის სექტემბერში მიმართა და ოქტომბერში თანხმობაც მიიღო.

„წარმოდგენილ სასტუმროს პროექტში განთავსებულია 56 ნომერი და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე ფართები. შენობა ნაკვეთის რელიეფისა და საკადასტრო საზღვრების რთული კონფიგურაციიდან გამომდინარე ტერასული ტიპისაა და გაყოფილია ორ ბლოკად ლანდშაფტური პაუზით. შენობაში მექანიკური გადაადგილება ხდება ლიფტებით და 2 კიბის უჯრედით. შენობაში განთავსებულია: რესტორანი, კაფე-ბარი, საბილიარდო. აქვს ავტოსადგომიც, რომლის ფართობიც 381.7 კვ.მეტრია,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც kvirispalitra.ge წერს, ადგილობრივები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ, შესაბამისი საჩივარი ყიფიანის ქუჩის მოსახლეობას მერიასა და სასამართლოშიც აქვს შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილეს და ზედამხედველობის სამსახურს ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა.

“ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ასევე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, შევისწავლოთ რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლომდე უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

bpn bpn