10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დაახლოებით თვენახევარია, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ეფექტიანად ხორციელდება მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი და სათანადოდ ხდება დარღვევებზე რეაგირება. 10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან, პარკირების საფასურის სახით გადახდილია 20 488 ლარზე მეტი. ანუ თბილისის პარკინგი წარმატებით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო... გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა, ჩვენ ვერ შევძლებდით და ვერ განვახორციელებდით პარკირების ფუნქციის შეთავსებას“, - განაცხადა კალაძემ და სატრანსპორტო კომპანიას დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.