ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი იწყება

როცა ადამიანს გულით გჯერა და მონდომებული ხარ, რომ გარკვეული პროექტები განხორციელდება, ყველაფერი არის შესაძლებელი,

- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა დღეს ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტის დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ პროექტი პირველ ეტაპზე ვარკეთილს შეეხება.

“მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, ვსაუბრობ ჩემს ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე, მის მიმართ ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. მე მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. ჩვენ როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლებამოსილება და მერიაში მუშაობას შევუდექით, მაშინვე დავიწყეთ სამუშაოები და პროექტების შედგენა, თუ რა შეიძლებოდა წარგვედგინა მოსახლეობისთვის. ჩვენმა სამსახურებმა ძალიან ბევრი იმუშავეს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარვადგინოთ პირველი პროექტი. თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ადამიანს გულით გჯერა და მონდომებული ხარ, რომ გარკვეული პროექტები განხორციელდება, ყველაფერი არის შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე.

“ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ოჯახებთან და მათ ექნებათ შესაძლებლობა თანამედროვე, ევროპული ტიპის საცხოვრებელი ფართები მიიღონ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელიც არის წარმოდგენილი. მათ ამის შემდეგ ექნებათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. პირველ ეტაპზე საუბარია 170 ოჯახზე, თუმცა ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, პროცესი ცოცხალია და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტი. ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის განხორციელება დაიწყო“, - აღნიშნა კალაძემ.