თბილისის მერია სოფელი შინდისის მოსახლეობისთვის 24-საათიან წყლის მომარაგებას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" მოლაპარაკებების დაწყება და 24-საათიანი წყლის მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება დაავალა.
„შინდისი სააგარაკედ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და შეუძლებელია მისი განვითარება თუ ელემენტარულად, სასმელი წყალი არ აქვთ ადამიანებს. დაიწყეთ პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამის პრობლემა არ ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლობისთვის.
„ჩვენ ძალიან ბევრ ქუჩაზე ვართ შესულები და ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მათი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა თანამშრომლობაზე. იქ, სადაც ინფრასტრუქტურული ღონისძებები ხორციელდება, ჩვენ არ გვინდა, რომ დაიგოს ასფალტი და შემდეგ თავიდან მოგვიწიოს გადათხრა. ამიტომ, პირველივე დღიდან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მიმდინარეობდეს ეს სამუშაოები, როგორც საკანალიზაციო, სანიაღვრე და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერია სოფელ დიღომში საკანალიზაციო ქსელის მოსაწყობად 25 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებს.