პრემიების ახალი ტალღა

IDFI პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიებისა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს.როგორც IDFI-ის ინფორმციიდან ირკვევა, 2013 წელს თანამდებობის პირების შემოსავლებში ყველაზე დიდი თანხა პრემიისა ან სახელფასო დანამატის სახით მიღებულია კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრების მიერ - თითოეულ მათგანს მიღებული აქვს დაახლოებით 120 000 ლარის ოდენობის პრემია (ხელზე 96 000 ლარი). გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების სიდიდით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს (ზურაბ ხარატიშვილი - 8 თვე, თამარ ჟვანია - 4 თვე), მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი.

ყველაზე მაღალი შემოსავალი 311 744 ლარი, მათ შორის პრემია 120 988 ლარი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, აკაკი სიხარულიძემ მიიღო. თითქმის იგივე რაოდენობას შეადგენს დანარჩენ წევრთა შემოსავლებიც - ირაკლი მოსეშვილმა მიიღო 309 886 ლარი, სოფიო ბრიტანჩუკმა 309 876 ლარი, კომისიის თავმჯდომარემ, კარლო კვიტაიშვილმა კი 2013 წელს 10 თვის განმავლობაში შემოსავლის სახით 258 790 ლარი მიიღო.

IDFI-ის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შემოსავლებიც. ბანკის პრეზიდენტმა შემოსავლის სახით 195 000 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე მეტი შემოსავალი - 209 560 ლარი მისმა მოადგილემ, ოთარ ნადარაიამ მიიღო.

ბანკის თანამშრომლებზე 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა. აღნიშნულ პერიოდში თანამშრომლებზე გაცემული პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 2 397 034 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 2013 წელს არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ მიუღია. ვიცე პრეზიდენტებს - არჩილ მესტვირიშვილს და ოთარ ნადარაიას 2013 წელს პრემიის სახით თითოეულს მიღებული აქვს 43 000 ლარი. დეკემბრის თვეში თითოეულმა მათგანმა მიიღო 20 000 ლარის ოდენობის პრემია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე 2013 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 95 604 ლარი, საიდანაც ზურაბ ხარატიშვილის მიერ 8 თვის განმავლობაში (იანვარი-აგვისტო) მიღებულია 50 244 ლარი, ხოლო თამარ ჟვანიას მიერ 4 თვის განმავლობაში (სექტემბერი-დეკემბერი) – 45 360 ლარი.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კირთაძემ 2013 წელს შემოსავლის სახით 158 284 ლარი მიიღო, მათ შორის დანამატი - 33 800, პრემია 55 168 ლარი. ხოლო ცესკოს მდივანმა გიზო მჭედლიძემ შემოსავლის სახით 149 444 ლარი მიიღო.

2013 წელს ცესკოს აპარატის შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომლებზე, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე დარიცხულმა პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 675 235 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატმა - 2 658 481 ლარი.

2013 წელს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიების რაოდენობამ 2 928 150 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი თანხა -566 025 ლარი პრემიის სახით თანამშრომლებზე გაცემულია დეკემბრის თვეში. 2013 წელს ბიუროს უფროსის, გიორგი ხიზანიშვილის მიღებულმა პრემიის ოდენობამ შეადგინა 65 000 ლარი, ხოლო მის მოადგილეებს თითოეულს პრემიის სახით მიღებული აქვთ 60 140 ლარი. ბიუროს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა დეკემბრის თვეში, თითოეულმა მიიღო 10 000 ლარის ოდენობის პრემია.

IDFI აღნიშნავს, რომ მონაცემები წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ.

"მათ მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება კონფიდენციალურია. აღნიშნული დაწესებულების მიერ პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება სავარაუდოდ, განპირობებულია კომისიის წევრებისა და სხვა თანამშრომლების ძალიან მაღალი შემოსავლებით. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრის, სერგო მესხის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა მისმა შემოსავალმა შეადგინა 284 289 ლარი",- ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

ნათია ლეშკაშელი