„ავტოსკოლების ავტორიზაცია 2018 წლიდან არის დაგეგმილი“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.

ანგარიშში ამ მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებზეც არის საუბარი. ერთ-ერთი დაგეგმილი ღონისძიება კი ავტოსკოლების ავტორიზაციაა.

„2018 წლიდან დაგეგმილია მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის საგამოცდო ტერიტორიიდან რეალურ სივრცეში გადატანა და ავტოსკოლების ავტორიზაცია,“-ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ ავტოსკოლების შესაძლო ავტორიზაციაზე გასულ წელს დაიწყო საუბარი. როგორც მაშინ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებდა, მართვის მოწმობის ასაღებად კი, გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი. თუმცა, კონკრეტული თარიღი, თუ როდიდან იგეგმებოდა ამის განხორციელება, ცნობილი არ ყოფილა.