თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე საქონლის მასობრივი დაცემის ფაქტები დაფიქსირდა

თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე, ბედენის მთის მიდამოებში, საქონლის გადასარეკ ტრასაზე, წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის მასობრივი ფაქტები დაფიქსირდა.

ტრასის პირას ამ დრომდე რამდენიმე ასეული მკვდარი ცხვარი და რამდენიმე ათეული ძროხაა.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ჩოქური აცხადებს, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს ვეტერინარიის სამსახური და დაცემული საქონლიდან სინჯები აიღეს.

”ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვრისა და ძროხების სიკვდილის მიზეზი არც ერთი ინფექციური დაავადება არ არის, უბრალოდ ბოლო რამდენიმე დღეა, ბედენის მთის ტერიტორიაზე ტემპერატურა ძალიან დაეცა, გამოზამთრებულმა საქონელმა კი სიცივეს ვერ გაუძლო და გადარეკვის პროცესში იხოცებოდა. მეცხვარეები კი მათ პირდაპირ ტრასაზე ტოვებდნენ. დღეს მოვახდინეთ სახანძრო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, ვაკეთებთ ორმოებს და დახოცილ საქონელს ვმარხავთ, რომ მათი გახრწნის პროცესში რაიმე სახის დაავადების გავრცელება ავირიდოთ თავიდან", - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.