„ბლუმბერგის“ კვლევებზე ორიენტირებულ ორგანიზაცია „ახალი ენერგიის ფინანსების“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომდევნო ოც წელიწადში, ელექტრომობილების გაყიდვები, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისას გადააჭარბებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2040 წელს მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე გაყიდული ავტომობილების 55% ელექტრომობილი იქნება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 2025 წელს ელექტრომობილების გაყიდვები 11 მილიონს მიაღწევს, 2040 წელს კი მათი რაოდენობა 60 მილიონამდე გაიზრდება. იმ დროისთვის, მთელი მსოფლიოს გზებზე მოსიარულე ავტომობილების, დაახლოებით 33 პროცენტი ელექტრომობილი იქნება.
მთავარი მიზეზი იმისა, რომ ელექტრომობილების გაყიდვები გაიზრდება, ფასის მკვეთრად შემცირება გახდება. სახელმწიფოებს აღარ დასჭირდბათ მათი სუბსიდირება. სავარაუდოდ, ეს 2024 წლისთვის უნდა მოხდეს და მაშინ ელექტრომობილები და შიდაწვისძრავიანი ავტომობილები თანაბრად ეღირება.
რა თქმა უნდა, გაიზრდება ელექტრული მოდელების რიცხვიც. ამჟამად ბაზარზე სხვადასხვა ბრენდის 155 ელექტრული მოდელი იყიდება. 2022 წლამდე მათი რიცხვი 289-ს მიაღწევს.
ელექტრომობილების ყველაზე დიდი მომხმარებელი ჩინური ბაზარი იქნება. 2020 წლისთვის მსოფლიო ბაზარზე გაყიდული ელექტრომობილების დაახლოებით 50 პროცენტს სწორედ ჩინეთი აითვისებს. ამავე დროისთვის იქ გაყიდული ავტომობილებიდან, 19 პროცენტი სწორედ ელექტრომობილი იქნება. შედარებისთვის, ევროპაში ეს მაჩვენებელი 14, ამერიკაში კი 11 პროცენტს მიაღწევს.