თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 120 ნომრის მქონე სასტუმრო აშენდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, აეროპორტში მდებარე 12 653 კვ.მ 1 851 000 ლარად გაყიდა.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით, შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთი“ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სულ მცირე 120 ნომრის მქონე თანამედროვე სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმროს ააშენებს.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეცხრამეტე გაყიდული ობიექტია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 107 მილიონზე მეტს შეადგენს.