ჩანთების მწარმოებელი ქართული კომპანია „გეფერინის“ მაღაზია 25 ივლისს ჰონკონგში გაიხსნება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 2018 წლის ბოლომდე ბრენდული მაღაზიები გაიხსნება ასევე, ყაზახეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. ამ დროისთვის „გეფერინის“ პროდუქცია აღნიშნულ ქვეყნებში მდებარე სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება.
როგორც ილია გეფერიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიმდინარე წლის ბოლომდე, უცხოეთში „გეფერინის“ 4 მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება.
„25 ივლისს ჰონკოკონგში გაიხსენება ჩვენი ახალი მაღაზია . ასევე მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ ყაზახეთში (ალმაათაში), მოსკოვში და ბაქოში. 2018 წლის ბოლომდე სულ ბრენდული 4 მაღაზია უნდა გავხნათ. ასევე სულ მალე თბილისში კიდევ ერთი მაღაზია „ისთ პოინტში“ გაიხსნება“,-აცხადებს ილია გეფერიძე.
მისი თქმით, კომპანიას ამჟამად სულ 5 მაღაზია აქვს, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ 42 გაყიდვის წერტილი.
ამასთან, ილია გეფერიძე აცხადებს, რომ კომპანია გაფართოვებას გეგმავს და ამჟამად ფართის მოძიების პროცესშია. ამ დრომდე მათი საწარმო სოფელ დიღომში მდებარეობს.
მისი თქმით, ახალ საწარმოში გადასვლა სავარაუდოდ, სექტემბერში მოხდება. ხოლო თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდება. ასევე, დაემატებათ ახალი პროდუქცია - ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ჩანთების ქართული მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ 2014 წელს დაფუძნდა. გარდა ქართული ბაზრისა, „გეფერინის“ პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, შვეიცარიასა და აზერბაიჯანში გადის.
ნინი ქეთელაური