უკრაინამ რუსეთს გაზის ვალი ნაწილობრივ გაუსტუმრა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ადასტურებს რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინამ რუსეთს გაზის დავალიანების ნაწილი – 786 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.

იაცენიუკის ინფორმაციით, ამავდროულად, უკრაინამ დაასრულა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში სასარჩელო განცხადების შეტანის პროცედურები. მისივე თქმით, გაზთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი შესაძლოა, 2 ივნისს შედგეს და თუ გაზის საფასურთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მიიღწევა, უკრაინა საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

დიმიტრი მედვედევმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ გაზის დავალიანება ნაწილობრივ დაფარა. თუმცა, მისი თქმით, ვალდებულება შესრულებულია არა მაშინ, როდესაც ფული გამოიგზავნა, არამედ, როდესაც ის ჩაირიცხება.