ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, წალენჯიხაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამრღვევმა სოფელ მუჟავაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოიპოვა 15 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სატვირთო ავტომანქანები დალუქეს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.
ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.