კომპანია Intel-ის ჯგუფმა, რომელიც დაკავებულია ასობით დრონების გამოყენებით სხვადასხვა სანახაობრივი შოუების მოწყობით, ამ დღეებში ჟურნალ Time-ის უჩვეულო გარეკანი შექმნა.
ჟურნალის ახალი ნომერი დრონებს დაეთმო და მის გარეკანზე სწორედ აღნიშნული ფოტოა დატანილი, სადაც დრონების მიერ შექმნილი ჟურნალის გარეკანია გამოსახული - ჩარჩო და შიგნით ჟურნალის სახელწოდება. ჯამში ამისთვის გამოიყენეს შუქდიოდური 958 დრონი, ხოლო მისი ფოტოს გადაღება ასევე პროფესიონალური უპილოტო აპარატით მოხდა.
თუ როგორ მუშაობდა ჯგუფი აღნიშნულ პროექტზე, ამის ამსახველი ვიდეორგოლი YouTube-ში Time-ის არხზე აიტვირთა. Intel-ის წარმომადგენლების განცხადებით ჩარჩოს სიმაღლემ 100 მეტრი შეადგინა და განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ დრონებს შორის დისტანცია 1,5 მეტრზე უნდა ყოფილიყო, მაშინ როცა ჩვეულებრივ ეს 3 მეტრია.
შეგახსენებთ, Intel-ის სპეციალისტებმა მანამდე დრონების შოუ ზამთრის ოლიმპიადის გახსნისთვის მოამზადეს ფხენჩანში, რა დროსაც დაამყარეს ახალი რეკორდი ერთდროულად ცაში გაშვებული უპილოტოების რაოდენობის მიხედვით.
კოკა კვირკველია