დაიწყე საკუთარი ბიზნესი

იმედგაცრუებული მომხმარებლები უკმაყოფილების მიზეზებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე კომპანიის დადებით მხარეებზე.

ბევრ ახალ ტერმინთან ერთად, სიტყვა ბრენდი ფართოდ დამკვიდრდა ქართულ ეკონომიკურ ტერმინოლოგიაში. ხშირად გაიგებთ ხოლმე ტერმინებს ”ძლიერი ბრენდი”, ”ბრენდის ქვეშ”, ”ბრენდად გადაქცევა”, მაგრამ ბევრი დამწყები მეწარმისთვის არათუ ბრენდის შექმნის მეთოდები, ეს სიტყვაც კი შეიძლება უცნობი იყოს.

სანამ საბაზრო ეკონომიკის პირობებზე გადავიდოდეთ, ”ბრენდი” უმეტესობისთვის ცნობილი იყო როგორც მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი, დღესდღეისობით კი ბევრმა იცის, რომ ბრენდი საერთაშორისო ეკონომიკური ტერმინია და მარტივად რომ ავხსნათ, გულისხმობს კომპანიისა თუ ცალკეული საქონლის ცნობადობას საზოგადოებაში. მაგალითად, თუ საპარიკმახეროს გახსნას აპირებ და შენს სამუშაო არეალში ვინმე თმის შეჭრას ისურვებს, პირველად კი შენი საპარიკმახერო გაახსენდება და ისარგებლებს შენი მომსახურებით, ჩათვალე რომ შენი ბრენდი კარგად მუშაობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ასე უბრალოდ არ ხდება და კლიენტი უმიზეზოდ არ მიანიჭებს უპირატესობას თქვენს საქონელსა თუ მომსახურებას. არის რაღაც ისეთი, რაც გამოგარჩევს კონკურენტებისგან, ცნობადს გაგხდის საზოგადოებისთვის და შენს პროდუქტსა თუ სერვისში ”პრესტიჟს ბადებს”- ეს კარგი ბრენდია!

არის შემთხვევები, როცა საქონლის, მომსახურების თუ კომპანიის დასახელება იმდენად ”ჯდება” მომხმარებელთა გონებაში, რომ ხშირად ამავე სახელით თვით საქონელს თუ მომსახურებას მოიხსენიებენ. კარგი მაგალითია ”ქსეროქსი” - ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც ისევე ამზადებს ასლის გადამღებ მანქანებს, როგორც ამას მსოფლიო დონის სხვა კომპნაიები აკეთებენ. მაგრამ ეს ბრენდი იმდენად ცნობილია, რომ ხშირად ჩვენს ქვეყანაში ასლის გადაღებას ”ქსეროქსს” ეძახიან. საინტერესოა, არა?

ახლა წარმოიდგინე, რომ საქონელი ან მომსახურება შენი კომპანიის სახელით რომ მოიხსენიონ ან როცა გაუჩნდებათ მოთხოვნა ისეთი სახის საქონელსა ან მომსახურებაზე, რომელსაც შენც აწარმოებ, პირველად შენი კომპანია რომ ”ამოუტივტივდეთ გონებაში”. არაფერია შეუძლებელი! ჩვენ გარშემო ბევრი ძლიერი ბრენდია, მაგრამ ისინი თავიდანვე ამ სიძლიერით არ გაჩენილან. ოდესღაც ყველა კომპანია დამწყები და ნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ბრენდები მოინათლა. თუ მათ შეძლეს ეს, ესე იგი, შესაძლებელია და შენს გაქვს შანსი შექმნა ძლიერი ბრენდი!

”მართე, რომ თვითმართვადი არ გახდეს”

ადამიანებს უყვართ ყველაფრის კატეგორიებად დაყოფა. შეგიძლია დააკვირდე საკუთარ თავს. რატომ გიზიდავს რომელიმე ადგილობრივი ბიზნესი უფრო მეტად, ვიდრე სხვა რომელიმე მისი კონკურენტი საწარმო? როცა ჩაუვლი რესტორნებს, შეიძლება ერთი აღიქვა, როგორც მიმზიდველი და სტუმართმოყვარე, მეორემ კი ისე დაგაკარგინოს მადა, რომ ფეხიც კი არ გქონდეს შიგნით შედგმული - თუმცა ამ დროს ორივე რესტორანი შეიძლება ერთი და იმავე გემოვნების მენიუს გთავაზობდეს. ამგვარ დაყოფას ანგარიშმიუცემლად ვაკეთებთ. თუ შენც ასე იქცევი  -გამონაკლისი არ ხარ. ჩათვალე, რომ შენს სამომავლო ბიზნესსაც ასევე ”გადახარშავენ” მომხმარებლები. კარგი ბრენდი კი მომხმარებლისთვის სავიზიტო ბარათი იქნება.

როგორც დამწყები მეწარმე - ნებსით თუ უნებლიეთ დაიწყებ ბრენდის ჩამოყალიბებას. თუ არ გაქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება, როგორი იქნება შენი ახალი კომპანია, ჩათვალე, რომ პოტენციული მომხმარებლები ამას თავად გადაწყვეტენ - ეს კი მეტად რისკიანი სვლაა, მით უმეტეს ისეთი კომპანიისთვის, რომელსაც ჯერ კლიენტთა ბაზა ჩამოყალიბებული არ აქვს. ასე რომ, სანამ შენი კომპანიის თავზე ტრაფარეტს დაკიდებ, აუცილებელია შემუშავებული გქონდეს ბრენდის სტრატეგია. როგორ კეთდება ეს? პირველ რიგში, კარგად უნდა გქონდეს გაანალიზებული შენი კომპანიის მიზნები და ამოცანები, შემდგომ რა თქმა უნდა, სათანადოდ უნდა გესმოდეს ბრენდის მნიშვნელობა. ამის შემდეგ შესაძლოა, დაიწყო ფიქრი ბრენდის სტრატეგიის შექმნაზე.

რა არის ბრენდი ზუსტად?

ბევრი ფიქრობს, რომ ბრენდის შესაქმელად მხოლოდ კარგი რეკლამირება ან მიმზიდველი ლოგოს შექმნაა საჭირო. სინამდვილეში, ბრენდის შენება ანუ ბრენდინგი გაცილებით უფრო რთული და ამავე დროს საინტერესო პროცესია. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მარკეტინგის ელემენტი და არ არის მხოლოდ ცნობადობა, სავაჭრო ნიშანი ან ლოგო - ბრენდი შენი კომპანიის არსებობის მიზეზია. იგი თავის ”ბადეში ახვევს” მარკეტინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას, ბიზნესგეგმას, შეფუთვას, ფასწარმოქმნასა და თანამშრომლებს - უცილობლად ითხოვს ამ ელემენტთა სინქრონიზაციას.

სწორედ ჩამოყალიბებული ბრენდი აყალიბებს მყიდველში შენი საქონლის ნდობასა და რწმენას, რაც უპირატებს პოზიციას განიჭებს კონკურენციაში. რაც უფრო გამორჩეულს გახდი ბრენდს, მით უფრო ნაკლებად გაუჩნდებათ სურვილი, შეიძინონ შენი კონკურენტის საქონელი თუ მომსახურება. ხშირად მომხმარებლები მზად არიან, ბრენდში მეტი ფულიც კი გადაიხადონ. მაგალითად, გაზის გამათბობლის შეძენისას მყიდველი იწყებს საქონლის შერჩევისა და ალტერნატივათა გაანალიზებას. ხშირად ამჯობინებს, გადაიხადოს მეტი თანხა და შეიძინოს ისეთი გამათბობელი, რომელიც მისთვის ცნობილია და იცის, რომ კარგია. თუმცა გამათბობლის გვერდით შეიძლება იგივე პარამეტრებისა და ხარისხის უფრო იაფი გამათბობელი იყიდებოდეს, ბრენდი ფასეულობას ქმნის!

მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ბრენდი მომხმარებელთა წინაშე დადებული ფიცია. არასოდეს გაუცრუო მათ იმედი. ნებისმიერ განცხადებას თუ ბროშურას შეუძლია თქვას, რომ კომპანია სწრაფ, ხარისხიან თუ შეღავათიან მომსახურებას სთავაზობს. მაგრამ საკმარისია მომხმარებელმა დანაპირები ვერ მიიღოს და თავი დაღალატებულად იგრძნოს - ისე ჩაგივლის გვერდს, შენკენ არც კი გამოიხედავს. მეტიც, ერთი განრისხებული მომხმარებელი უამრავ მყიდველს გაკარგვინებს - ხშირად იმედგაცრუებული მომხმარებლები უკმაყოფილების მიზეზებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე კომპანიის დადებით მხარეებზე. ამის შემდეგ, რაც უნდა ფული ხარჯო, შეიძლება ვერანაირმა რეკლამირებამ ვეღარ აგინაზღაუროს ეს დანაკლისი.

ბრენდის სტრატეგია: ბრენდის სტრატეგია ბიზნესგეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აქ ასახავ შენი საქონლის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებს, შენი კომპანიის მიზნებსა და საბოლოო მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე აანალიზებ, რა არის შენი კომპანიისა და მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შენი პროდუქტი თუ სერვისი.

არ შეშინდე! ბრენდის სტრატეგიიის შექმნა არ არის ისე ”საშინელი” და რთული, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თუ კარგად გაიგებ და დაგეგმავ, ეს ძალიან მარტივად შეიძლება გაკეთდეს:

იყავი კონკურენტებისგან განსხვავებული:

ჩამოაყალიბე, რატომ იყიდის ხალხი მათთვის სასურველ სერვისს შენგან და არა კონკურენტი კომპნაიისგან. წარმოაჩინე შენი საქონლის უპირატესი მხარეები, გამოიყენე ისეთი ზედსართავები, რომლებიც ხალხში დადებით ემოციებს აღძრავენ, მაგალითად - სწრაფი, ხარისხიანი, სანდო და ა.შ. კომპანიის საბოლოო მიზანია, მისმა საქონელმა დაიმკვიდროს ადგილი მომხმარებელთა გონებაში და განსხვავებული იყოს კონკურენტებისგან. ძლიერი ბრენდები უნდა წარმოაჩენდნენ თავიანთ უპირატესობას მარტივი სიტყვით ან წინადადებით - ისევე როგორც "ვოლვო"-საიმედო მანქანა ოჯახისთვის.

რა სიტყვას, სლოგანს ან წინადადებას გამოიყენებს შენი კომპანია?

შეისწავლე შენი მიზნობრივი მომხამრებლები: ვინ არიან შენი მყიდველები? რატომ ყიდულობენ შენ პროდუქტსა თუ სერვისს? რა მოთხოვნები აქვთ და რის გაუმჯობესებას ისურვებენ? მოწიწებითა და პატივისცემით მოეპყარი ყველას, ვინც შენს საწარმოში შემოაბიჯებს. შეისწავლე მათი ინტერესები, მოთხოვნები და მისწრაფებები - ეს დაგეხმარება, სწორად წარმართო ბრენდის სტრატეგია.

როგორ მუშაობს შენი კომპანია? თითქმის ყველა კომპანია ამბობს, რომ ზრუნავს კლინტებზე და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს. ამ სიტყვების რეალურობას მომხმარებელი აფასებს - მათთვის მოქმედებაა მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ სიტყვები! ობიექტურად შეხედე შენს კომპანიას და იფიქრე, როგორ ასრულებს ბრენდის პირობას. თუ მომხმარებელს ჰპირდები სწრაფ სერვისს, პატიოსნად დაფიქრდი, რას ნიშნავს ”სწრაფი” კომპანიის შიგნით? კლიენტები შენგან საქმეს ელიან და არა ცარიელ სიტყვებს.

მოუყარე ყველაფერს თავი!

სტრატეგიის დაწერის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო საქმე - ბრენდის ”ფრთებშესხმა”. ოდესღაც ყველა ცნობილი კომპანია დამწყები მეწარმე იყო, რომელთაც ჰქონდათ ძლიერი ბრენდის შექმნის იდეა და გეგმა. მათი გამოცდილებიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი პრაქტიკული რჩევები:

გააკეთე ბრენდზე გათვლილი რეკლამები:

საქონლის დაწინაურების ტრატეგია გათვლილი უნდა იყოს პოტენციურ მომხმარებელთათვის უმთავრეს პირობაზე. მაგალითად, ახალი საცხობი ბრენდის დაწინაურებისთვის შეიძლება პრივილეგიას ანიჭებდეს თბილ, ახალ პურს, რადგან მომხმარებლები საცხობის უპირატესობას სწორედ ამგვარ პროდუქციაში ხედავენ. შენი სლოგანიც მარტივი და ადვილად გასაგები უნდა იყოს, ისე, რომ, როცა შენი კომპანიის სახელს წაიკითხავენ ან ლოგოს ნახავენ, ეს სიტყვები ”ამოუტივტივდეთ გონებაში”.

წინადადებები განიხილე ბრენდის გათავლისწინებით: ყველა ბიზნესშემოთავაზება ”ბრენდის ფილტრში” გაატარე. გაიაზრე, გეხმარება თუ არა ეს შესაძლებლობა კომპანიის ბრენდის შექმნაში? როგორ ერგება ეს შემოთავაზება ბრენდის სტრატეგიას?

სათუთად მოეპყარი ბრენდის ცვლილებას: ხშირად კომპანიები ბრენდის მისიისა და ფუნქციის შეცვლას საჭიროებენ, მაგრამ დიდი სიფრთხილეს იჩენენ, რათა არსებული მომხმარებლები არ განარისხონ და დაკარგონ.

მართლაც რომ ბევრი მუშაობაა საჭირო მაღალი კლასის ბრენდის შესაქმელად, მაგრამ კარგი ბრენდი ყოველთვის გინაზღაურებს ამ დანახარჯებს. წარმოიდგინე, რომ ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, ”ნაიკიც” ჩრდილში მდგომი ბიზნესი იყო, დღეს კი კომპანია გლობალური ბრენდის იმიჯს ატარებს და ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს. ბრენდი ჩვილი ბავშვივით უნდა გამოზარდო, მოუარო და ყოველდღიურად იზრუნო მასზე, სანამ დამოუკიდებელი გახდება და ნდობას არ მოიპოვებს. ერთ დღესაც შეიძლება აღმოაჩინო, რომ უკვე ამაყობ კომპანიის ბრენდით. ჯერ მარტო ამ განცდისთვის ღირს, შექმნა კარგი ბრენდი და ამ საქმისთვის არ დაიშურო დრო, ენერგია და ფინანსები.