მეტროს მემანქანეების ხელფასი მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები წარმოადგინა.
„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება - ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა.
რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატის ოდენობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხელფასებზეა საუბარი, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების ხელფასები.
ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში - საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ, გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.
მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე.
მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო:
მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას;
მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების.
მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას.
და ბოლოს, მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას მეტროს მემანქანეების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, - განაცხადა კალაძემ.