ნოდარ ხადური სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების შეხვედრაში მონაწილეობს

ჰააგაში იწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც ესწრება მსოფლიო ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ხოლო სავალუტო ფონდში ალტერნატიული მმართველი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობენ 15 წევრი ქვეყნის (ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას ასევე წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

დელეგაციების წევრები განიხილავენ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებს. მონაწილები ერთმანეთს აღნიშნული მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. სესიების პარალელურად, შედგება ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების დელეგაციებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეხვედრა 2013 წელს (30 მაისი -1 ივნისი) თბილისში გაიმართა.